ფროზინონეში გიორგი კვერნაძის კონტრაქტში არსებულ 4 მილიონ ევროიან გამოსასყიდ პუნქტთან დაკავშირებით სრული სიმშვიდეა.
მიუხედავად რომას, ნაპოლის, ევერტონის, კრისტალ პალასისა და მონაკოს ინტერესისა, კლუბში ფეხბურთელს ბევრად ძვირად აფასებენ და მის ასე იაფად გაშვებას არ გეგმავენ.
Tuttofrosinone-ს ცნობით, ფროზინონეს სტრატეგიაში ისედაც შედის კვერნაძის კონტრაქტის განახლება, რაც ხელფასის მატებასთან ერთად გამოსასყიდი პუნქტის გაუქმებას ან გადახედვას ითვალისწინებს.
მსგავსი პრაქტიკა კლუბმა ბოლო პერიოდში სხვა ფეხბურთელებთანაც წარმატებით გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია სრულ კონტროლქვეშაა, ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოთქვამს მედიაში ატეხილი ნაადრევი აჟიოტაჟის გამო, რადგან გუნდს მოთამაშეების მომავლის უზრუნველსაყოფად გეგმა უკვე მზად ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვერნაძის ანგარიშზე სერია ა-სა და იტალიის თასზე 12 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე პასია.