პსჟ-სა და ლიონის დაპირისპირება მოლოდინებისამებრ დაძაბული გამოდგა, თუმცა ვნებები საფინალო სასტვენის შემდეგაც არ დაცხრა.
ჰაკიმი უკმაყოფილო დარჩა ახალგაზრდა ბრაზილიელი ვუნდერკინდის, ენდრიკის საქციელით, რომელმაც გატანილი გოლი პარიზელი გულშემატკივრების წინაშე გამომწვევად აღნიშნა.
ენდრიკის შოუ პარიზში: ლიონმა პსჟ-ს სენსაციურად მოუგო
საჩემპიონო რბოლა დაიძაბა
ენდრიკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ლიონის გამარჯვებაში (2:1). მან ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ შედეგმა ლიგა 1-ის ცხრილში ვითარება უკიდურესად დაძაბა: ლანსი ლიდერ პსჟ-ს უკვე მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ლუის ენრიკეს გუნდზე წნეხი იზრდება, რათა სეზონის ფინიშზე კოლაფსი თავიდან აიცილონ.
ჰაკიმი ენდრიკის ცეკვამ გააღიზიანა
ჰაკიმი არა გოლმა, არამედ 19 წლის ენდრიკის 15-წამიანმა ცეკვამ განარისხა, რომელიც ბრაზილიელმა პარიზელი ფანების წინაშე შეასრულა. მაროკოელი მცველი მოედანზევე დაუპირისპირდა თინეიჯერს და მოგვიანებით განმარტა, თუ რატომ მოსთხოვა მას დამშვიდება:
რატომ ვუთხარი ენდრიკს, რომ დამშვიდებულიყო? ასეთი რამეები მატჩის დროს ხდება. მე მინდოდა, ჩემი გუნდი თამაშზე ყოფილიყო კონცენტრირებული და მასაც შეეწყვიტა ჩვენი გულშემატკივრებისკენ მიმართული ქმედებები
მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა აღიარა ენდრიკის ტალანტი, თუმცა მიიჩნია, რომ მისმა ქცევამ პროფესიული პატივისცემის ზღვარი გადაკვეთა.
მან უბრალოდ ფეხბურთი უნდა ითამაშოს, მით უმეტეს, რომ ძალიან ნიჭიერია. მაგრამ როდესაც ის აკეთებს იმას, რაც ფეხბურთთან კავშირში არ არის, ეს მაღიზიანებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი გუნდი აგებს
პსჟ-ს ჭრილობების მოსაშუშებლად ბევრი დრო არ აქვს, რადგან ოთხშაბათს გადადებულ მატჩში ნანტს დაუპირისპირდებიან. ლუის ენრიკეს გუნდისთვის ახლა 4-ქულიანი უპირატესობის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.