შვეიცარიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია.
გაიმართა პირველი ნახევარფინალური მატჩი და გაირკვა პირველი გუნდი, რომელიც ფინალში ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ინგლისის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა, გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო.
33-ე წუთზე ანგარიში იტალიელებმა გახსნეს, გოლი ბარბარა ბონანსეამ გაიტანა.
მატჩის ბოლომდე ინგლისელები ანგარიშის გათანაბრებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე (90+6') მიშელ აგიემანგმა წონასწორობა აღადგინა და ინგლისი თამაშში დააბრუნა.
119-ე წუთზე იტალიელების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ქლო კელიმ შეასრულა. ინგლისელს თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე ინგლისელი პირველი იყო და გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.
ინგლისი ფინალში გავიდა, სადაც გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტურნირი 27 ივლისს დასრულდება.
ბოლო (2022) ევროს ფინალში ინგლისმა გერმანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.