ესპანური ხეტაფეს ქართველმა მცველმა, საბა საზონოვმა იბერია 1999-თან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ქართული ფეხბურთისთვის კარგი დღეა, პერსონალურად ჩემთვის ძალიან ცუდი დღეა, რადგან არ მინდოდა წაგვეგო. გვინდოდა მოგება, მაგრამ ფეხბურთია და ხდება.
აქ თამაში სიამოვნება იყო და თავს საშინაო გარემოში ვგრძნობდი. ძალიან მიხარია, რომ ქართულ გუნდს ასეთ დონეზე და ასეთი მასშტაბის მატჩებში ვხედავ.
ქართველებს ძალიან ძლიერი ხასიათი გვაქვს და ჩვენი პლუსების ჩვენება ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. იბერიაც ასე იყო, მათ დაამტკიცეს, რომ ეს ძლიერი ხასიათი ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი ან რამე სხვა ტექნიკური დეტალი.
არავისზე და არაფერზე არაფერს ვიტყვი, რადგან გვქონდა შეცდომები და ეს თამაში ჩვენ წავაგეთ.
ჩვენი თამაში უნდა გავაანალიზოთ, რთულ ვითარებაში ვართ და სწორი რეაქციები გვჭირდება. ახლა ლა ლიგის თამაშებზე კონცენტრაციის მოხდენა გვმართებს, პოზიტიური მდგომარეობა არც იქ გვაქვს", - განაცხადა საზონოვმა.
საბამ მადრიდელთა ძირითადში თითქმის 1-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და მოედანზე 90 წუთი გაატარა. დაცვის ცენტრში კაპიტან ჯენე დაკონამთან ერთად მოქმედებდა.
ხეტაფეს კონფერენს ლიგის 4 ტურში 1 ქულა აქვს და აუტსაიდერებს შორისაა. მადრიდელები შემდეგ ტურში ანდორულ ინტერ ესკალდესს უმასპინძლებენ, ბოლო რაუნდში კი აიაქსს ამსტერდამში ეწვევიან.
VIDEO: ისტორიული დღე თბილისში - იბერიამ კონფერენს ლიგაზე ხეტაფეს მოუგო!