10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანი, ბენფიკა, იუვენტუსი, სელტიკი და მარსელი ევროპა ლიგის ახალი სეზონის ლიგის ეტაპს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენენ, თუმცა 16 და 17 სექტემბერს, გასამართ პირველ ტურში დაძაბულობისა და ემოციების ნაკლებობას ნამდვილად არ უნდა ველოდოთ.
ევროპა ლიგის პრევიუში ახალი სეზონის დაწყების წინ UEFA-ს ოფიციალური გვერდი მთავარ მატჩებს, საინტერესო სტატისტიკასა და გამორჩეულ პერსონებს გამოყოფს.
მილანმა ბენფიკა 1963 და 1990 წლების ევროპის თასის ფინალებში დაამარცხა. ახლა „არწივების“ ყოფილ ნახევარმცველ რუბენ ამორიმს ევალება, რომ სერია A-ს კლუბმა სტუმრებთან წაუგებელი სერია შეინარჩუნოს, მილანს ამ დაპირისპირებაში 4 მოგება და 2 ფრე აქვს.
სანდერლენდი ევროპულ ტურნირებზე 1973 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. ქაღალდზე ინგლისურ გუნდს სტედიუმ ოფ ლაითზე კარგი დასაწყისის შესაძლებლობა აქვს, მისმა მეტოქე ალკმაარმა ინგლისში ჩატარებული წინა 11-ვე შეხვედრა წააგო. თუმცა ნიდერლანდურმა კლუბმა ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლასკთან დამატებით დროში მარცხის შემდეგ, მარტინ ო’ნილის სელტიკს პირველივე ტურში რთული გამოცდა ელის, შოტლანდიელები უნგრეთის ჩემპიონ ფერენცვაროშს დაუპირისპირდებიან, რომელმაც ბოლო ორი სეზონი სელტიკის ყოფილი ფეხბურთელის, რობი კინის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა.
ვინჩენცო იტალიანომ ფიორენტინა კონფერენს ლიგის ორ ფინალში გაიყვანა და ახლა ბეშიქთაშში მაღალი მიზნები აქვს. თუმცა მისი ახალი გუნდისთვის დასაწყისი მარტივი არ იქნება, მეტოქე მარსელია, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის, ბრუნო ჟენეზიოს ხელმძღვანელობით თამაშის დალაგებას ცდილობს.
შვედმა გარემარბმა პატრიკ ვოლემარკმა ამ სეზონში ევროტურნირებზე თავისი საგოლე შესაძლებლობები უკვე წარმოაჩინა. 24 წლის ცაცია ფეხბურთელს მარჯვენა ფლანგზე თამაში უყვარს. ფეიენოორდის ყოფილმა მოთამაშემ პოლონეთის ჩემპიონის მაისურით საკვალიფიკაციო ეტაპის 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ახლა ის კვლავ ეცდება თავის გამოჩენას, როდესაც ლეხ პოზნანი ლიგის ეტაპს კონფერენს ლიგის გამარჯვებულ კრისტალ პალასთან სტუმრად დაიწყებს.
ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ზღვისპირა ქალაქის წარმომადგენელი ბორნმუთი ევროპულ ტურნირებზე სადებიუტო მატჩს პირველ ტურში სოსიედადთან სტუმრად გამართავს.
„ალუბლებმა“ პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავეს და ლიგის ეტაპის საგზური პირდაპირ მოიპოვეს. ამ წარმატების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ ლივერპულში გადაინაცვლა.
ევროტურნირზე ბორნმუთს გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი მარკო როზე უხელმძღვანელებს.
„ეს უდიდესი გამოწვევა იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანი ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ნახევარმცველმა ალექს სკოტმა.
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი
20:45
არარატ-არმენია - სპარტა პრაღა
ომონია - სელტა
23:00
მილანი - ბენფიკა
ლევერკუზენი - ცელიე
ჰაპოელ ბეერ-შევა - დინამო ზაგრები
ოლიმპიაკოსი - იაგელონია
ანდერლეხტი - ლიონი
შტურმ გრაცი (ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი) - რენი
სანდერლენდი - ალკმაარი
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი
20:45
OFI კრეტა - ჰოფენჰაიმი
ლევსკი სოფია - ზალცბურგი
23:00
ბეშიქთაში - მარსელი
სელტიკი - ფერენცვაროში
კრისტალ პალასი - ლეხ პოზნანი
ვიქტორია პლზენი - უნიონ სენ-ჟილუაზი
იუვენტუსი - ნაიმეგენი
ლილესტრიომი - ტორეენსე
სოსიედადი - ბორნმუთი
ევროპა ლიგის პირველ ტურში ქართველების შტურმი (ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი) ფრანგულ რენს დაუპირისპირდებიან.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები