სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ქართველი მორაგბეები კლუბებს დაუბრუნდნენ და საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს.
ანგულემისა და ნიცას მატჩში (36:21) მასპინძელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა გამოიჩინა თავი. გიორგი ჯავახიამ სეზონში მესამე ლელო დადო, ხოლო გელა აფრასიძემ სამი გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას არბიტრმა ორივე ქართველი მორაგბე 10-10 წუთით სინბინში გაუშვა.
მიმდინარე სეზონში სადებიუტო ლელო მიითვალა ლუკა უნგიაძემ, თუმცა მისი ნევერი გასვლით შეხვედრაში კოლომიესთან ანგარიშით 31:42 დამარცხდა.
ორიაკი სტუმრად ვალანს რომანთან 26:64 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თედო აბჟანდაძე და ბასა ხონელიძე.
აბჟანდაძის ანგარიშზე ერთი ზუსტი გარდასახვაა, ხოლო ლუკა ნიორაძე, ლაშა ტაბიძე, ალექსანდრე ბურდული და გურამ ღანიაშვილი თამაშში შეცვლიდან ჩაერთვნენ.