საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველმა ლეგიონერებმა თავი პროდუქტიული თამაშით გამოიჩინეს.
იოინამ სეზონში პირველი მარცხი იწვნია და სტუმრად მონტობანთან დაძაბულ ბრძოლაში 23:24 დათმო.
ამის მიუხედავად, ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლუკა მატკავამ. იოინას 23 ქულიდან 13 სწორედ ქართველი მგეზავის ანგარიშზეა, რომელმაც სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ანგულემმა დაქსი 49:7 განადგურა. მასპინძელთაგან ანგარიში გიორგი ჯავახიამ გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორე ლელო მიითვალა, ხოლო გელა აფრასიძემ გამარჯვებულთა რიგებში მოედანზე 58 წუთი დაჰყო.
ორიაკისა და ნევერის დაპირისპირებაში (41:16) თავი ირაკლი მჭედლიძემ გამოიჩინა. ქართველმა მორაგბემ ორიაკის შემადგენლობაში ერთი ლელო დადო. ეს მისთვის ბოლო სამ შეხვედრაში მეორე, ხოლო მიმდინარე სეზონში მეოთხე ლელო აღმოჩნდა.
პროვანსმა საკუთარ მოედანზე ბეზიე 54:3 დაამარცხა, თორნიკე ჯალაღონიამ კი მიმდინარე სეზონში PRO D2-ის ეგიდით თავისი სადებიუტო ლელო მიითვალა.