გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი ესპანეთში არ ნელდება.
გამოცემა Estadio Deportivo-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ნარსის პელახს, რომელიც ქართველი ნახევარმცველის პირველი ესპანელი მწვრთნელი იყო და ჟირონას სარეზერვო გუნდში ავარჯიშებდა.
სპეციალისტმა ქოჩორაშვილის უნიკალურ მენტალიტეტსა და სევილიაში მის პერსპექტივებზე ისაუბრა.
პელახის თქმით, ქოჩორაშვილის ხასიათი და სევილიას ბუნება ერთმანეთს იდეალურად ეწყობა, რადგან ანდალუსიურ კლუბს სწორედ ისეთი მებრძოლი და უკომპრომისო ფეხბურთელები სჭირდება, რომლებიც მოედანზე ყველაფერს გაიღებენ.
მწვრთნელმა გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც გიორგი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და აღნიშნა, რომ მისი წარმოუდგენელი აგრესიულობა, მაღალი ინტენსივობა და თავდადება მაშინვე თვალშისაცემი იყო:
მახსოვს, იმდენად ბევრს დარბოდა, რომ GPS გაფუჭდა. 13 კილომეტრს ფარავდა და ყოველთვის ვეხუმრებოდი, მაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა უფრო მეტ სირბილს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ქოჩორაშვილს ფიზიკური და მენტალური მონაცემები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ჰქონდა, მისმა შრომისმოყვარეობამ და მტკიცე ხასიათმა შედეგი გამოიღო.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა ვალენსიასთან მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩართვისთანავე გამოიჩინა თავი და სადებიუტო საგოლე გადაცემით სევილიას გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
VIDEO: ბრწყინვალე ჩაწოდება - ქოჩორაშვილის პირველი საგოლე მოქმედება სევილიაში