ლუკა მოდრიჩმა დაუვიწყარი პერიოდი რეალის მოთამაშის რანგში დაასრულა.
მადრიდელთა ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშე, 28 ტიტულით, გულშემატკივრებს 13 სეზონის შემდეგ დაემშვიდობა. რეალის ლეგენდა კლუბის ტელევიზიას ესაუბრა.
"რთული სათქმელია, მაგრამ შერეული ემოციები მაქვს. დაუვიწყარი, საოცარი და გამარჯვებებით სავსე პერიოდი დასრულდა. რაც გამოვცადე, უფრო ბედნიერს მხდის. იმ ყველაფრის გახსენება, რასაც აქ მივაღწიე ძალიან მაბედნიერებს, იმის მიუხედავად, რომ ეს სრულდება.
რეალში როგორც მოთამაშე და ადამიანი გავიზარდე. რეალმა ყველაფერი მომცა ფეხბურთში და ამისთვის მთელი ჩემი ცხოვრება მადლიერი ვიქნები. მე ყოველთვის მადრიდისტა ვიქნები.
ეს გრძელი მოგზაურობა იყო, მაგრამ დაუვიწყარი. სახლიდან მოშორებით კიდევ ერთი სახლი მაქვს, რადგან მადრიდი და ესპანეთი ჩემი მეორე სახლია. ძალიან ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ, დროსთან ერთად უფრო მეტად მივხვდები თუ რას მივაღწიე, რადგან რაღაც დრო დამჭირდება, რომ ყველა ემოცია დავალაგო და ის ყველაფერი, რასაც აქ მივაღწიე."
მისი ლეგენდარული შედეგები
"ჩემი შედეგების მოსმენა მაბედნიერებს და ვამაყობ, რასაც აქ მივაღწიე. ვიყო მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ კლუბში ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული, რაღაც საოცარია. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის.
არის კიდევ რაღაცები, მაგალითად ხალხის დაფასება. ეს ყოველთვის მემახსოვრება, რადგან ეს ისეთი რამეა, ვერავინ წამართმევს. ხალხს ვერ გააცურებ და მარტო იმიტომ არ შეგიყვარებენ, რომ რეალში თამაშობ, მაგრამ ის დაფასება, რაც მივიღე, საოცარია. იმაზე უკეთესი, რისი იმედიც ოდესმე მექნებოდა.
ფლორენტინო პერესი
"პრეზიდენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ მან მომიყვანა აქ. იმ მომენტიდან ის განსაკუთრებით მაფასებდა და ყოველთვის ძალიან კარგად მექცეოდა. ახალ შემიძლია ვთქვა: ის განსხვავებულად მექცეოდა და განსაკუთრებულად მაფასებდა.
ვფიქრობ, მან ეს ბოლო მატჩში აჩვენა, რადგან არასდროს მინახავს პრეზიდენტი რომ ტიროდეს. როცა ფოტოები ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ ადამიანს მართლა ვუყვარდი. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები ყველაფრისთვის, რაც მან მე და ჩემს ოჯახს გაგვიკეთა."

განსაკუთრებული მომენტი მის მადრიდულ კარიერაში
"რთულია, აირჩიო მომენტი ამდენ განსაკუთრებულ მომენტში, რაც აქ გამოვცადე, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამ და მინდა გავიხსენო La Decima, რადგან ეს იყო, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ბოლო 12-13 წლის დომინაცია დაიწყო, რომელიც საოცარი იყო, 6 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება 10 წელიწადში.
მე ყოველთვის ვახსენებ ლა დესიმას, რადგან ეს შთამბეჭდავი იყო და ის თუ როგორ მოვიგეთ, იდეალურად ასახავს რა არის მადრიდის რეალი; არასდროს დანებება და ბოლომდე რწმენა. ჩვენ ეს გავაკეთეთ და იმ თამაშში დავამტკიცეთ. ასევე ვიხსენებ სიბელესზე აღნიშვნას.
ეს ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი მომენტი იყო ყველა მადრიდისტასთვის, რადგან მე-10 ტიტული განსაკუთრებული იყო. ჩემთვისაც ეს განსაკუთრებული ნომერია. როცა ის აღნიშვნა მახსენდება, ყოველთვის მეღიმება."

როგორ გინდა, რომ დაგიმახსოვრონ?
"არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მინდა დამიმახსოვრონ. როგორც ხალხს უნდა ისე დამიმახსოვრონ. პირველი რიგში, როგორც კარგი ადამიანი და მოთამაშე, რომელიც ყოველთვის თავის მაქსიმუმს აკეთებდა, რომელიც ყველას პატივს სცემდა, მეტოქეებს, გუნდელებსა და გულშემატკივრებს. მოთამაშე, რომელმაც მადრიდის რეალისთვის ყველაფერი გააკეთა."
ლუკა მოდრიჩის 13-წლიანი მადრიდული კარიერა ოფიციალურად დასრულდა. 39 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერას მილანში გააგრძელებს.