გასული კვირა ქართველი ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული გამოდგა. გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელიასა და ბუდუ ზივზივაძის მატჩები ბაიერნის წინააღმდეგ - კვარამ მანუელ ნოიერს დუბლი შეუსრულა, ბუდუმ კი მისი შემცვლელი, უბრიგი დაამწუხრა ორჯერ. დღევანდელ ბლოგში იმ ქართველებს გავიხსენებთ, რომლებსაც მიუნხენელთა კარი აქამდეც აუღიათ.
დინამო კიევი vs მიუნხენის ბაიერნი
2000 წლის 22 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, დინამო კიევმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 2:0 სძლია.
ანგარიში 37-ე წუთზე კახა კალაძემ გახსნა და კიეველებს ტაიმი მოაგებინა. მატჩის საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე გიორგი დემეტრაძემ დააფიქსირა - ქართველმა ვესელსის კარი შესანიშნავი მაკრატელა დარტყმით აიღო.
ჯგუფში 10 ქულის დაგროვების მიუხედავად, დინამომ პლეიოფში გასვლა ვერ მოახერხა - პირველი და მეორე ადგილები ბაიერნმა და რეალმა გაიყვეს.
კობიაშვილის გოლები მიუნხენელთა კარში
კალაძესა და დემეტრაძეს არც კობიაშვილი ჩამორჩა და კიევში გამართული მატჩიდან 20 დღეში ბაიერნს თავადაც გაუტანა. ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ფრაიბურგმა დრაისამშტადიონზე მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩში ანგარიში ლევან კობიაშვილმა გახსნა - ულამაზესი საჯარიმო დარტყმა და უშანსოდ დარჩენილი ოლივერ კანი.
6 წლის შემდეგ ლევანმა კიდევ ერთხელ მოახერხა ოლივერ კანის კარის აღება. ველტინს არენაზე გამართულ დაპირისპირებაში კობიაშვილმა საოცარი გოლი გაიტანა - შალკემ ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბაიერნთან დაზავდა.
კვარა შოუ პარიზში
2025/26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალური დაპირისპირება პსჟ-სა და ბაიერნს შორის, ნამდვილად დარჩება ჩვენს მოგონებებში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო მატჩი.
პარიზში გამართულ სპექტაკლში კი ერთ-ერთი მთავარი როლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა - მანუელ ნოიერის კარში გატანილი ორი ბრწყინვალე გოლი და 5:4 პარიზელთა სასარგებლოდ.
ბუდუ ჰაიდენჰაიმის გადასარჩენად
ბუნდესლიგის ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი ჰაიდენჰაიმის გადასარჩენად ქართველი ყველაფერს აკეთებს - ბოლო 4 თამაშში ბუდუმ 5-ჯერ გაიტანა.
ალიანც არენაზე გამართულ მატჩში, ქართველმა მიუნხენელების კარი ორჯერ აიღო - განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მეორე გოლი, რომლითაც ზივზივაძემ ანგარიში 2:3 გახადა.
ქართველის საოცარი პერფორმანსის მიუხედავად, ბადენ-ვიურტემბერგელებმა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლეს - მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება არბიტრის მიერ კომპენსირებული დროში მოახერხეს.