-
Aa
+
ფონტის ზომა
2022 წლის კატარის მუნდიალის ჩათვლით მსოფლიო თასზე 80 სხვადასხვა ქვეყანას უასპარეზია. რა თქმა უნდა, რეკორდსმენი ბრაზილიაა, სელესაოს მუნდიალი არასოდეს გამოუტოვებია - 22. მეორე ადგილზე გერმანიაა - 20 ასპარეზობა, იტალია და არგენტინა - 18. მექსიკა - 17. მოახლოებული მუნდიალი კიდევ ოთხი ნაკრებისთვის იქნება სადებიუტო - კურასაო, იორდანია, კაპო ვერდე და უზბეკეთი.
მუნდიალი სულ 8 ქვეყნის ნაკრებს მოუგია - პირველად მსოფლიო თასი ურუგვაიმ აღმართა 1930 წელს, ბოლო გამარჯვებული არგენტინაა - 2022. რეკორდი აქაც ბრაზილიისაა - 5 ჩემპიონობა. ოთხიანთა კლუბში ორი ქვეყანაა - იტალია და გერმანია. არგენტინა - 3. საფრანგეთი და ურუგვაი - 2. თითო-თითოჯერ მსოფლიო თასი ინგლისსა და ესპანეთს აქვთ აღმართული.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები აღნიშნავენ ბრაზილიის მეხუთე ჩემპიონობას. 2002.
ზედიზედ ორჯერ მსოფლიო თასი მხოლოდ იტალიასა და ბრაზილიას მოუგიათ - სკუადრა აძურამ პირველი და მეორე მუნდიალები 1934 და 1938 წლებში მოიგო. ასევე პირველი და მეორე თასები იყო სელესაოსთვის 1958 და 1962 წლის ტრიუმფები.
ჩემპიონობებს შორის ყველაზე დიდი პერიოდი იტალიის ნაკრებს ჰქონდა - მეორედან მესამე ჩემპიონობას აძური 44 წელი ელოდა (1938-1982).
მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრები. 1938.
მუნდიალებს ჩემპიონობების ძალიან წარუმატებელი დაცვებიც ახსოვს - ჩემპიონები ჯგუფში 6-ჯერ ჩარჩენილან. იტალია - 1950. ბრაზილია - 1966. საფრანგეთი - 2002. იტალია - 2010. ესპანეთი - 2014 და გერმანია - 2018.
მუნდიალისთვის სულ 18 ქვეყანას უმასპინძლია, აქედან გამარჯვება მასპინძლებს 6 შემთხვევაში დარჩათ. ურუგვაი - 1930. იტალია - 1934. ინგლისი - 1966. დასავლეთ გერმანია - 1974. არგენტინა - 1978 და საფრანგეთი - 1998.
მასპინძელი ინგლისი აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონობას. 1966.
მუნდიალებზე მონაწილეობებით რომ ბრაზილია ლიდერობს უკვე გითხარით, ხოლო მუნდიალის ფინალებში ყველაზე მეტჯერ გერმანიას უთამაშია - 1954, 1966, 1974, 1982, 1986 და 1990 წლებში დასავლეთ გერმანიის სახელით, 2002 და 2014 კი გერმანიის.
ასევე ბუნდესნაკრები ფლობს ყველაზე მეტ ვერცხლის მედალს - გერმანელები ფინალში 1966, 1982, 1986 და 2002 წლებში დამარცხდნენ.
ასევე მხოლოდ გერმანიამ (1982-1990) და ბრაზილიამ (1994-2002) შეძლებს ზედიზედ სამ ფინალში ასპარეზობა.
გერმანიის ნაკრები აღნიშნავს მუნდიალის მოგებას. 1990.
ფინალებს შორის ყველაზე ხანგძლივი პერიოდი კი არგენტინის ნაკრებს ჰქონდა - 48 წელი. ალბისელესტემ 1930 წლის შემდეგ ფინალში გასვლა 1978 წელს მოახერხა. მუნდიალებზე ასპარეზობის ყველაზე დიდხნიანი პაუზა უელისი ნაკრებს ეკუთვნის - 64 წელი. უელსელებმა 1958 წლიდან 2022 წლამდე მონაკვეთში 16 მსოფლიო თასი გამოტოვეს.
მატჩი, რომელშიც ყველაზე მეტი გოლი გავიდა 1954 წელს, შვეიცარიაში გამართულ მუნდიალზე, მასპინძელსა და ავსტრიის ნაკრებს შორის შედგა - მეოთხედფინალურ დაპირსიპირებაში სტუმრებმა 7:5 იმარჯვეს.
შვეიცარია 7:5 ავსტრია. 1954.
მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ბრაზილიას აქვს გატანილი - 237, ხოლო ერთ მუნდიალზე გოლების რეკორდი უნგრეთის ნაკრებს ეკუთვნის - გუსტავ სებესის სუპერ გუნდმა 1954 წლის მუნდიალზე 27 გოლი გაიტანეს.
ყველაზე უხვგოლიანი ჩემპიონატი 2022 წელს გამართული მუნდიალი გამოვიდა - კატარში 172 გოლი გავიდა. საშუალოდ ერთ მატჩში გასული გოლებით კი 1954 წლის მსოფლიო თასი ლიდერობს - 5.38
უნგრეთის ნაკრებს ეკუთვნის მუნდიალების ისტორიაში ორი ყველაზე დიდი გამარჯვებაც - 1982 წლის მუნდიალზე უნგრელებმა ელ სალვადორს 10:1 სძლიეს. 1954 წელს კი სამხრეთ კორეას მოუგეს 9:0.
უნგრეთი 10:1 ელ სალვადორი. 1982.
ფინალებში ყველაზე დიდი ანგარიშით, სამბურთიანი უპირატესობით მოგება სამჯერ დაფიქსირდა და სამივეში სელესაო მონაწილეობდა - ბრაზილიამ ორჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ დამარცხდა:
1958 - ბრაზილია 5:2 შვედეთი
1970 - ბრაზილია 4:1 იტალია
1998 - საფრანგეთი 3:0 ბრაზილია
ფრანგები აღნიშვანენ ბრაზილიის კარში გატანილ მესამე გოლს. 1998 წლის ფინალი.
ერთადერთ ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული პელეა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა მუნდიალების მოგება 1958, 1962 და 1970 წლებში მოახერხა.
1958 წლის მუნდიალის ფინალში პელე 17 წლისა და 249 დღის იყო - რაც მას მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულს ხდის.
პელემ 1962 წლის მუნდიალის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა - არ ყოფილა არც ფინალში. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც სამ ფინალში უთამაშია კაფუა - ბრაზილიელმა ფინალებში ასპარეზობა 1994, 1998 და 2002 წელში მოახერხა.
პელე 1970 წლის ფინალის შემდეგ.
ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი დინო ძოფია - იტალიელმა 1982 წლის მუნდიალი 40 წლისა და 133 დღის ასაკში მოიგო.
ყველაზე მეტი მატჩი მუნდიალზე ლეო მესის უგროვდება - 26. ასევე არგენტინელი ლიდერობს მსოფლიო თასს ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებით - მეისი ანგარიშზე 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მესი 5 მსოფლიოს თასზე თამაშის რეკორდს 5 ფეხბურთელთან იყოფს - ანტონიო კარბახალი, რაფა მარკესი, ანდრეს გუარდადო (სამივე მექსიკა), ლოთარ მათეუსი და კრიშტიანუ რონალდუ. ( გილერმო ოჩოას 2006 და 2010 წლებში მუნდიალის არცერთ მატჩში მიუღია მონაწილეობა). არგენტინელი ასევე მოგებული ფინალების ყველაზე ასაკოვანი გამტანია - მესი 35 წლის და 177 დღის იყო, როდესაც საფრანგეთის კარში ორჯერ გაიტანა და მსოფლიო თასი აღმართა.
ლიონელ მესი აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონობას. 2022.
მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზეა - გერმანელის ანგარიშზე 16 გოლია.
1.მიროსლავ კლოზე - 16 გოლი (24 მატჩი, 2002-2014)
2. რონალდო ნაზარიო- 15 გოლი (19 მატჩი, 1998-2006)
3. გერდ მიულერი - 14 გოლი (13 მატჩი, 1970-1974)
4. ლიონელ მესი - 13 გოლი (26 მატჩი, 2006-2022)
5. ჯიუსტ ფონტენი - 13 გოლი (6 მატჩი, 1958)
მიროსლავ კლოზე აღნიშნავს თავის მე-16 გოლს მუნდიალებზე. გერმანია 7:1 ბრაზილია.
სიის მეხუთეადგილოსანი ჯიუსტ ფონტენი ერთ მუნდიალზე გატანილი გოლების რეკორდს ფლობს - ფრანგმა 1958 წელს 6 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.
მუნდიალის ერთ მატჩში გატანილი გოლების რეკორდი ოლეგ სალენკოს ეკუთვნის - რუსეთის ნაკრების წევრმა 1994 წლის მსოფლიო თასზე კამერუნის კარი ხუთჯერ აიღო.
ერთ ფინალში გატანილი გოლების რეკორდს ჯეფ ჰერსტი და კილიან მბაპე ინაწილებენ - ინგლისელმა დასავლეთ გერმანიას ჰეთ-თრიქი 1966 წელს შეუსრულა, ხოლო ფრანგმა 2022 წელს აიღო არგენტინის კარი სამჯერ.
კილიან მბაპე მუნდიალის ფინალებში გატანილი გოლების რეკორდსაც ფლობს - ფრანგს ორ ფინალში 4 გოლი უგროვდება.
მბაპე აღნიშნავს არგენტინის კარში გატანილ გოლს. 2022.
მუნდიალის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი პელეა - 17 წლისა და 239 დღის, ყველაზე მხცოვანი კი როჟე მილა - კამერუნელმა რუსეთის ნაკრების კარი 42 წლისა და 39 დღის ასაკში აიღო.
ფინალების ყველაზე ახალგაზარდული და მხცოვანი გოლიც 1958 წლის დაპირისპირებაში გავიდა - პელე 17 წლისა და 249 დღის იყო, შვედი ლიდს ლიდჰოლმი კი 35 წლისა და 264 დღის.
მსოფლიო თასებზე ყველაზე მეტჯერ პენალტიდან 5 ფეხბურთელს გაუტანია, თითოეულს 4-ჯერ: ეუსებიო, რობ რენსერბრინკი, გაბრიელ ბატისტუტა, ჰარი კეინი და ლეო მესი.
საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლებით რიველინო, ბერნარდ ჟენგინი და დეივიდ ბექემი ლიდერობენ - 2.
მიროსლავ კლოზე თავით გატანილი გოლების რეკორდსმენიცაა - გერმანელმა მუნდიალებზე 7 თავურის გატანა მოახერხა. კლოზე ასევე ფლობს ერთ-მატჩში თავური დარტყმით გატანილი გოლების რეკორდს - მიროსლავმა 2002 წელს სამჯერ გაუტანა საუდის არაბეთს თავით.
ყველაზე სწრაფი გოლი 2002 წლის მუნდიალზე, თურქეთისა და სამხრეთ კორის მატჩში გავიდა. ჰაკან შუქურმა მასპინძლები 11 წამში დაამწუხრა.
ფინალის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი იოჰან ნეესკენსია - ნიდერლანდელმა კრუიფის მოპოვებული პენალტი მატჩის დაწყებიდან 90 წამში აქცია გოლად.
ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში გატანილი გოლების რეკორდს ჯიუსტ ფონტენი და ჟაირზინიო იყოფენ - ფრანგმაც და ბრაზილიელმაც ზედიზედ 6 მატჩში შეძლეს გატანა. ჟაირზინიო ერთადერთია, რომელმაც ყველა მატჩში გატანა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჟაირზინიო (მუხლებზე) აღნიშნავს იტალიის კარში გატანილ გოლს. 1970 წლის ფინალი.
მუნდიალებზე საგოლე გადაცემების რეკორდს გერმანელი ფრიც ვალტერი ფლობს - 8 საგოლე გადაცემა (1954-1958). ერთ ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ რაიმონდ კოპა გამოირჩა - 8 ასისტი 1958 წლის მუნდიალზე.
ყველაზე მეტი ასისტი პლეი-ოფში ლიონელ მესის ეკუთვნის - 6. ასევე არგენტინელს აქვს შესრულებული საგოლე გადაცემა ყველაზე მეტ მსოფლიო თასზე - 5.
ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარი ინგლისელ პიტერ შილტონსა და ფრანგ ფაბიან ბარტეზს უგროვდებათ - 10.
ზედიზემ მშრალად შენახული კარების რეკორდს ვალტერ ზენგა ფლობს - 5. ასევე იტალიელს აქვს ყველაზე მეტი წუთი გოლგაუშვებლად - 517.
ჩემპიონატის მომგები მეკარეებიდან ყველაზე ცოტა გოლი ტურნირზე ფაბიან ბარტეზს, ჯანლუიჯი ბუფონსა და იკერ კასილასს აქვთ გაშვებული - 2.
ფაბიან ბარტეზი 2006 წლის მუნდიალზე.
მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი კი ანტონიო კარბახალსა და მოჰამედ ალ-დეაიეს აქვთ გაშვებული - მექსიკელსა და საუდელს 25-25 გოლი გაუტანეს.
მუნდიალებზე ყველაზე მეტი ბარათი ხავიერ მასკერანოს აქვს მიღებული - არგენტინელმა 2006-2018 წლებში 7-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი.
ყველაზე მეტი წითელი ბარათი ზინედინ ზიდანსა და რიგობერტ სონგს აქვთ - 2.
მთავარ მწვრთნელის რანგში ჩატარებული და მოგებული მატჩებით, რეკორდსმენი ჰელმუტ შონია - გერმანელმა მუნდიალებზე 25 ჩაატარა, რომელთაგან 16 მოიგო.
ერთადერთი მთავარი მწვრთნელი რომელმაც მუნდიალის მოგება ორჯერ შეძლო ვიტორიო პოცოა - იტალიელმა მსოფლიო თასი 1934 და 1938 წლებში აღმართა.
მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ გაიყვანა გუნდი მუნდიალზე ბრაზილიელი კარლოს ალბერტო პერეირაა - კუვეიტი (1982), არაბთა გაერთიანებული საემიროები (1990), ბრაზილია (1994, 2006) და საუდის არაბეთი (1998)
მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი არგენტინას ჰყავდა - ხუან ხოსე ტრამოტულა 1930 წლის მსოფლიო თასზე 27 წლის იყო. ჩემპიონთაგან ყველაზე ახალგაზრდა 1930 წლის ურუგვაის ნაკრების დამრიგებელია - ალბერტო სუპისი 31 წლისა და 252 დღის იყო.
ასაკოვანი მთავარი მწვრთნელის რეკორდი ოტო რეჰაგელს ეკუთვნის - საბერძნეთის ნაკრების გერმანელი დამრიგებელი 2010 წლის მუნდიალზე 71 წლის და 317 დღის იყო. ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი კი ვისენტე დელ ბოსკეა - ესპანელი მსოფლიო ჩემპიონი 59 წლის და 200 დღის ასაკში გახდა.
ჰელმუტ შონი მსოფლიო თასით ხელში.
მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი 1950 წლის ფინალს დაესწრო - რიო დე ჯანეიროში, მარაკანაზე გამართულ ბრაზილიისა და ურუგვაის გადამწყვეტ მატჩი ტრიბუნიდან 173 850 მაყურებელმა იხილა.
შემდეგი სამი საუკეთესო მაჩვენებელიც ამ ჩემპიონატსა და სტადიონზე ფიქსირდება, ხოლო მეხუთე პოზიციას 1986 წლის ფინალი იკავებს - გერმანიის და არგენტინის ნაკრებების მატჩს ესტადიო ასტეკაზე 114 000 მაყურებელი დაესწრო.
საშუალო დასწრების რეკორდს 1994 წლის ამერიკის მუნდიალი ფლობს - 68 991 მაყურებელი მატჩზე. ეს მუნდიალი ლიდერობს მთლიანი დასწრების მაჩვენებლითაც - ამერიკის სტადიონებზე ჯამში 3 587 538 ადამიანი დაესწრო მატჩებს.
1950 წლის ფინალი. ბრაზილია 1:2 ურუგვაი. მარაკანა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

