დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდმა UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი წარმატებით დასძლია.
დინამო მინსკთან პირველი მატჩის 3:4 წაგების შემდეგ, ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა საპასუხო შეხვედრა, ნიკა ადუაშვილის, გიორგი ლომიძისა და რატი ალექსიძის გოლებით, 3:0 წაიყვანეს, თუმცა ბელარუსებმა 2 გოლის გატანა და თამაშის პენალტების სერიამდე მიყვანა შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ სანდრო მიქაუტაძემ 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ერთი ასისტი თორნიკე კვარაცხელიას ჰქონდა.
საქართველოს ოქროს ლიგის ჩემპიონებმა პენალტების სერია 3:1 მოიგეს - მეკარე მათე ჭელიძემ 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ერთხელაც ბელარუსთა დარტყმული ხარიხამ აისხლიტა, ჩვენი გუნდისგან კი ზუსტად ლუკა შარიქაძემ, დაჩი მეტრეველმა და გიორგი ქურდოვანიძემ დაარტყეს.
დინამო თბილისი Youth League-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში დანიურ კოპენჰაგენს შეხვდება: პირველი თამაში 28 ოქტომბერს თბილისშია, საპასუხო 4 ნოემბერს - კოპენჰაგენში.
ფოტო: დინამო თბილისი