მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არანაირი საპირველაპრილო ხუმრობა - ახალი სეზონიდან საქართველის ნაკრების ხერხემალი და ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი კარიერას ლევანტედან ლისაბონის სპორტინგში გააგრძელებს.
ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით იმ ყველაფრის შესახებ, რაც ქოჩორას ახალი კლუბის შესახებ უნდა იცოდეთ.
ლისაბონის სპორტინგი ისტორიულად პორტუგალიის მესამე საუკეთესო გუნდია ბენფიკას და პორტოს შემდეგ. კლუბი 118 წლის წინ, 1906 წელს დაარსდა და მას შემდეგ უამრავი ტოპ-ფეხბურთელი აღზარდა და არაერთი ტიტულის მოგებაც შეძლო.
სპორტინგმა არსებობის მანძილზე 20-ჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი და მეტიც, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონიც არის. გარდა ამისა, გუნდს 17-ჯერ აქვს მოგებული ქვეყნის თასი, 9-ჯერ სუპერთასი, 4-ჯერ პორტუგალიის ლიგის თასი და ერთხელ - თასების მფლობელთა თასი.
ამჟამად გუნდის შემადგენლობა Transfermarkt-ზე 487.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მისი მთავარი ვარსკვლავი კი 26 წლის შვედი ვიქტორ გიოკერეშია, რომელთანაც, დიდი ალბათობით, ქოჩორას თამაში არ მოუწევს, რადგან მასზე სატრანსფერო ბაზარზე ტაციაობაა გამოცხადებული. ამჟამად, მისი ფასი 75 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ ეტაპზე ლისაბონის სპორტინგი გარდამალ პერიოდს განიცდის, რადგან სეზონის დაწყებიდან 2 თვეში კლუბი დატოვა და მანჩესტერ იუნაიტედს მიაშურა ბოლოდროინდელი წარმატებების შემოქმედმა, მთავარმა მწვრთნელმა - რუბენ ამორიმმა. მას შემდეგ გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და გარკვეული პერიოდი ჩემპიონატშიც ცუდად ჰქონდა საქმე. იმდენად, რომ ამორიმის შემდეგ გუნდს უკვე მეორე მწვრთნელი წვრთნის (ამჟამად რუი ბორგესი) თუმცა, ბოლო პერიოდში შედეგები დალაგდა და დედაქალაქელები 65 ქულით ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
საშინაო თამაშებს სპორტინგი სტადიონ "ჟოზე ალვალადეზე" ატარებს, რომელიც 50.095 ადამიანს იტევს. გუნდის მეტსახელი "ლომებია" - ეს ცხოველი კლუბის ლოგოზეც არის გამოსახული.
ამ სეზონის პერიპეტიებს რაც შეეხება, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნასა და ჩემპიონატში ლიდერობაზე უკვე გითხარით. ასევე, გუნდი ბრძოლას აგრძელებს ისტორიაში მე-18 თასის მოგებისთვისაც, სადაც ორმატჩიან ნახევარფინალში რიო ავეს დაუპირისპირდება.
ლისაბონის სპორტინგის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფაქტი კი ის არის, რომ ამ კლუბის აღზრდილები არიან ისეთი დონის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ლუიშ ფიგუ, ლუიშ ნანი, ჟოაო პალინია, ჟოაო მოუტინიო, რუი პატრისიო, რიკარდო კუარეჟმა, უილიამ კარვალიო და ბევრი სხვა.
მიმდინარე სეზონს ქოჩორაშვილი ლევანტეში იჯარით ჩაამთავრებს, ახალი სათამაშო წლიდან კი თეთრ-მწვანე გუნდისთვის, ესტადიო ჟოზე ალვალადეზე გაირჯება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები