საქართველოს ნაკრები 2027 წლის უეფა-ს ერთა ლიგის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს დინამო არენაზე მასპინძლობს.
უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება, თუმცა დაშვებულია გამონაკლისი, რის შესახებაც ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.
"უეფას სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში გამონაკლისის სახით 14 წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, უეფა-სთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მატჩზე მოიწვიოს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები.
აღნიშნულ კატეგორიაში შემავალი ფეხბურთელები მატჩზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებენ. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების იურისდიქციაში არსებული საფეხბურთო სკოლების 10-დან 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომელთა რეგისტრაციასაც შესაბამისი საფეხბურთო სკოლები განახორციელებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
სექტემბერ-ოქტომბრის ერთიანი სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთა მატჩი 25 სექტემბერს გაიმართება, 28-ში ჩვენი გუნდი უკრაინას მასპინძლობს, ხოლო უნგრეთთან (2 ოქტომბერი) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (5 ოქტომბერი) სტუმრად ითამაშებს.
ფოტო: NAKREBI.GE