საქართველოს 19-წლამდელთა ოქროს ლიგის ჩემპიონი, დინამო თბილისი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის 2026-27 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპში ერთვება.
ვასილ გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბელარუსის ამავე ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებულ დინამო მინსკს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისელები მინსკელებს გასულ სეზონშიც შეხვდნენ, როცა საკვალიფიკაციოს მე-3 რაუნდში პენალტების სერიით დამარცხდნენ, რითაც უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მთავარი ეტაპის საგზური ბელარუსებმა მოიპოვეს.
მინსკის დინამო მთავარ ეტაპზე, 1/16 ფინალში, შეხვდა ფრანგულ პსჟ-ს და 0:4 დამარცხდა - პარიზელები საბოლოოდ 1/2 ფინალში გავიდნენ და იქ მომავალ ჩემპიონ რეალ მადრიდთან პენალტებით გამოვარდნენ.
2013 წელს დაარსებულ უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მთავარ ეტაპზე ქართულ კლუბს არასდროს უთამაშია - ამასთან ყველაზე ახლოს დინამო თბილისი სწორედ გასულ სეზონში იყო და ერთი ნაბიჯი დააკლდა.
დინამო თბილისსა და დინამო მინსკს შორის პირველი მატჩი 16 სექტემბერს, თბილისში გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი გუნდები 14 ოქტომბერს ითამაშებენ. წყვილში გამარჯვებული დანიურ კოპენჰაგენზე გადის.
ფოტო: დინამო თბილისი