2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
,,თუმცა გასულ ივლისში, თბილისში, RAF Georgia-ს ღონისძიებაზე ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ დვალიშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება გამოავლინა, წარმოუდგენელი მებრძოლი ხასიათი და დანებების არმცოდნე დამოკიდებულება მაშინ, როდესაც ბრძოლასთან შეგუება და დანებება გაცილებით მარტივი იქნებოდა.
სეხუდო დვალიშვილის დამაჯერებლად დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო. ჭიდაობის შეხვედრაში ის 8:0-ს იგებდა და ტექნიკური უპირატესობით გამარჯვებას უახლოვდებოდა.
ამისთვის მხოლოდ ერთი გდება სჭირდებოდა. ეს თითქმის სრული დომინაცია იყო და ყველაფერი დვალიშვილის მეგობრების, ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრების თვალწინ, მის სამშობლოში ხდებოდა.
თუმცა სეხუდომ გამარჯვება ხელიდან გაუშვა." - წერს Yahoo Sports.
„გამიმართლა, რადგან ყველაფერი თითქმის დასრულებული იყო“, - გაიხსენა დვალიშვილმა Uncrowned-თან საუბრისას მათი რევანშის წინ.
ამ კვირას, კლივლენდში, ოჰაიოს შტატში, Rocket Arena-ზე RAF 12-ის ფარგლებში ისინი მსუბუქ წონაში crossover-ის საჩემპიონო ბრძოლაში შეხვდებიან.
დვალიშვილის თქმით, როდესაც თითქმის გამოუვალი ანგარიში დაინახა, გაიფიქრა:
არ მინდა, შემდეგ რამე ვინანო. მაქსიმალურად ვეცდები და არ ვიჩქარებ, მიუხედავად იმისა, რომ 0:8-ს ვაგებ.
მეორე რაუნდში სასოწარკვეთილი მცდელობით შესრულებული ფეხში შესვლისა და გდების შემდეგ, სეხუდო „shot clock“-ზე აღმოჩნდა და შეხვედრის დინამიკა მკვეთრად შეიცვალა. დვალიშვილმა სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 5:8.
მესამე პერიოდში ქართველმა იგივე ტემპი შეინარჩუნა, სეხუდო ზურგზე დააგდო და კიდევ 4 ქულა მოიპოვა, საბოლოოდ მან ზედიზედ 9 ქულა აიღო.
ბოლო გდებამ სეხუდოს ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა - 11:8. წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ დვალიშვილმა ეს შეძლო.
„მოთმინება გამოვიჩინე. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ჭიდაობა მისი სამყაროა და ოლიმპიური ჩემპიონი ტყუილად არ გამხდარა, მაგრამ ჩემი კარდიო უკეთესია.
მოვატყუე და შეხვედრა ჩემს ბრძოლად ვაქციე. რამდენიმე ქულა დავიბრუნე და უბრალოდ მუდმივად ვაწვებოდი.
ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი ხალხის წინაშე ვერ წავაგებდი. შესანიშნავი მომენტები და შესანიშნავი მოგონებებია“, - თქვა დვალიშვილმა.
კვირას მერაბს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტის შექმნის შესაძლებლობა ექნება.
თუ RAF 12-ზე კვლავ გაიმარჯვებს, ეს სეხუდოს წინააღმდეგ მისი მე-3 გამარჯვება იქნება. დვალიშვილმა UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი 2 წლის წინ UFC 298-ზეც დაამარცხა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
მიუხედავად წინა წარმატებებისა, დვალიშვილი მე-3 გამარჯვებას წინასწარ არ ითვლის.
ჰენრი მიხვდა, რა შეცდომები დაუშვა და რატომ წააგო. დარწმუნებული ვარ, ჩემშიც დაინახა გარკვეული სისუსტეები და რაღაცებს შეცვლის.
ვნერვიულობ. ვნერვიულობ იმიტომ, რომ ჰენრი ძალიან კარგი მოჭიდავეა. მართალია, მასთან მარცხი ტრაგედია არ იქნება, მაგრამ მაინც არ მინდა წაგება.
ძალიან რთული შეხვედრა იქნება, რადგან ის ძალიან სახიფათო და მაღალი დონის მოჭიდავეა. მასთან ბრძოლა მიხარია, მაგრამ ეს ჭიდაობაა და მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, RAF-ზე გამართული შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რამდენად სახიფათოა და რომ ჩემი დამარცხება შეუძლია. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მეტად ვნერვიულობ“.
დვალიშვილის თქმით, რევანში თავად სეხუდომ მოითხოვა, ხოლო მერაბმა შეთავაზება იმიტომ მიიღო, რომ ბრძოლაში ტიტული, RAF-ის crossover-ის ქამარი, იქნება გათამაშებული.
მას ამ ქამრის წელზე შემორტყმა სურს მანამ, სანამ ოქტაგონზე დაბრუნდება და პიოტრ იანს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ტიტულისთვის ტრილოგიაში დაუპირისპირდება. ბრძოლა 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 333-ზეა დაგეგმილი.
RAF ელიტარულ MMA-ის მებრძოლებს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურები დარჩნენ და მაღალი დონის მეტოქეებს განსხვავებულ ფორმატში შეხვდნენ.
დვალიშვილის თქმით, ეს ფორმატი მის ჭიდაობის უნარებს კიდევ უფრო ავითარებს, როგორც ფეხებში შესვლისა და გდებების, ისე სკრემბლების კუთხით. ეს ახალი უნარები კი მას იანის წინააღმდეგ გამოადგება, რომელთანაც დეკემბერში დამარცხდა.
„ჭიდაობაში უკეთესი ვხდები. აქამდე ამაზე ისე არ ვიყავი კონცენტრირებული, როგორც ახლა. ბევრ ახალ დეტალს ვსწავლობ, რაც იანთან მხოლოდ დამეხმარება, როგორც მის წაქცევაში, ისე გდებებისგან თავის დაცვაში“, - განაცხადა დვალიშვილმა.
მერაბი იმედოვნებს, რომ ეს პროგრესი იანის წინააღმდეგ დაპირისპირებაში უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.
მათი ბრძოლების ისტორია 2021 წელს, UFC 267-ზე დაიწყო, სადაც დვალიშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. 4 წლის შემდეგ რევანში მოულოდნელად წააგო და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა იანს დაუთმო. შედეგად, მათ შორის ანგარიში 1:1 გახდა.
თუ დვალიშვილი იანს მეორედ დაამარცხებს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მის პრეტენზიას MMA-ის ისტორიაში სუპერმსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლის სტატუსზე.
საქმე მხოლოდ რევანშის მოგებას არ ეხება. მას სურს, წელზე ერთდროულად ორი საჩემპიონო ქამარი ჰქონდეს.
სიმშვიდეს ვიგრძნობ, თუ ორივე ქამარი (RAF-ისა და UFC-ის) მექნება. უბრალოდ იანის დამარცხება მინდა.
ამის შემდეგ შემიძლია ცოტა დავისვენო და ვინც შემდეგი პრეტენდენტი იქნება, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს შევხვდები“, - თქვა მერაბმა.
ეს შესაძლებლობას უტოვებს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ისეთ პრეტენდენტებს, როგორებიც მაურო ბაუტისტა და სონგ იადონგი არიან. შესაძლოა, უმარ ნურმაგომედოვთან რევანშიც ვიხილოთ.
ამის შემდეგ კი შეიძლება დვალიშვილმა საბოლოოდ უპასუხოს მოწოდებებს და წონითი კატეგორია შეიცვალოს.
ის UFC Performance Institute-ის დიეტოლოგებთან მუშაობს, რათა გაარკვიოს, შესაძლებელი იქნება თუ არა მომდევნო ბრძოლისთვის წონის დაკლება წინა შემთხვევებთან შედარებით უფრო მარტივად.
თუ ასე იქნება, შესაძლოა სუპერმსუბუქ წონაში დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვემსუბუქ წონაში გადასვლა უფრო რეალური გახდება.
თუმცა, როგორც თავად დვალიშვილმა აღნიშნა, მეგობრებთან, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და ალჯამეინ სტერლინგთან, ბრძოლას გამორიცხავს, მაგრამ მისთვის „ქვემსუბუქი წონა პრობლემა არ არის“, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე სუპერბრძოლას შეეხება.
ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ყოველთვის მინდოდა ბრძოლა, შონ ო’მალი იყო, რადგან მას გამოწვევად აღვიქვამდი. სუპერვარსკვლავი იყო.
ყოველთვის მინდოდა მასთან ბრძოლა. მადლობა ღმერთს, ქამრისთვის ორჯერ შევხვდი, მაგრამ ახლა მსგავსი სახელი აღარ მყავს“, - თქვა დვალიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მეტოქის დასახელება არ სურს, სუპერბრძოლის სურვილმა შესაძლოა გზა გაუხსნას ისეთ დაპირისპირებებს, როგორიც მაქს ჰოლოუეისთან შეხვედრაა, ქვემსუბუქ ან მსუბუქ წონაში.
„155 ფუნტშიც შემიძლია ბრძოლა“, - დაადასტურა დვალიშვილმა.
შესთავაზებს თუ არა UFC მას სასურველ სუპერბრძოლას, ან ისეთ დაპირისპირებას, რომლის თავიდან აცილებაც ურჩევნია, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა სურვილი ნამდვილად არსებობს.
ამიტომ ორი ქამარი შესაძლოა დვალიშვილისთვის საბოლოო მიზანი სულაც არ იყოს, ეს უფრო მეტად ჰგავს იმ წერტილს, საიდანაც მისი კარიერის ახალი ეტაპი დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები