-
Aa
+
ფონტის ზომა
„ეს დიდი ხნის განმავლობაში მქონდა გონებაში“, - თქვა დე რიდერმა, როდესაც რომან დოლიძესთან UFC-ის ქვემძიმე წონაში სადებიუტო ბრძოლის წინ წონითი კატეგორიის შეცვლაზე ისაუბრა.
„ბო ნიკალთან ბრძოლამდეც, რობერტ უიტაკერთან ბრძოლამდეც, სიმართლე რომ ვთქვა, ყველა იმ შემთხვევაში წონის დაკლება საკმაოდ რთული იყო. სავარჯიშო ბანაკის გავლაც საკმაოდ მძიმე გახლდათ“, - დაამატა დე რიდერმა.
,,დღეში ორჯერ ინტენსიურად ვარჯიშობ, მაგრამ სათანადოდ აღდგენას ვერ ახერხებ, რადგან ისე ვერ იკვებები, როგორც საჭიროა. ამიტომ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობდი.
თუმცა საშუალო წონაში ბევრი საინტერესო ბრძოლა იყო და მათზე უარის თქმა მიჭირდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა, საშუალო წონაში აღარასდროს დავბრუნდები.
დე რიდერის გადაწყვეტილებაში საინტერესო ის არის, რომ UFC-ში კარიერა 185 ფუნტის (84 კგ) კატეგორიაში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ქვემძიმე წონაში საკმაოდ დიდი წარმატებისთვის ჰქონდა მიღწეული.
მან პროფესიონალური კარიერა ამ დივიზიონში ზედიზედ 4 ვადამდელი გამარჯვებით დაიწყო და ONE Championship-ში ასპარეზობის დროსაც ქვემძიმე წონაში შესანიშნავი შედეგები ჰქონდა.
საბოლოოდ, მან საჩემპიონო ქამარიც მოიპოვა, ტიტული ორჯერ წარმატებით დაიცვა და ამ წონით კატეგორიაში საერთო ჯამში 11-1 ბალანსი დააგროვა.
თუმცა, როდესაც UFC-ს შეუერთდა და ორგანიზაციაში დებიუტი ჰქონდა, დე რიდერმა საშუალო წონა აირჩია, მთავარი მიზეზი კი სწორედ საინტერესო ბრძოლების სიმრავლე იყო.
„საშუალო წონაში უბრალოდ გაცილებით მეტი საინტერესო ბრძოლა იყო. გარდა ამისა, როდესაც UFC-ში დავიწყე, ცოტა უფრო მსუბუქიც ვიყავი“, - განმარტა მან.
ამერიკაში გატარებულმა წლებმა წონაც მომამატებინა.
თუმცა წონითი კატეგორიის შეცვლა ერთადერთი სიახლე არ არის, რომელიც დე რიდერმა ოქტაგონში დაბრუნებამდე განახორციელა.
Kill Cliff FC-ში რამდენიმე წლის განმავლობაში ვარჯიშის შემდეგ მან გადაწყვიტა ქალაქის მეორე მხარეს მდებარე „მეტოქე“ დარბაზში, American Top Team-ში გადასულიყო.
UFC.com-თან საუბრისას მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ეს გარკვეულწილად საკამათო გადაწყვეტილებაც იყო.
დე რიდერის თქმით, ძველი გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ყოფილი მეტოქისა და ახლო მეგობრის, აუნგ ლა ნსანგის წასვლა გახდა, რომელმაც საკუთარი დარბაზი გახსნა.
ნიდერლანდელმა მებრძოლმა ახალი გარემო და მწვრთნელებთან, მაიკ ბრაუნთან და მუჰამედ King Mo ლავალთან, მუშაობა ძალიან დადებითად შეაფასა.
„ვიგრძენი, რომ ცვლილების დრო იყო და ATT-ში ყველაფერი ძალიან კარგად მიდის“, - თქვა დე რიდერმა.
„ძალიან მაგარია მაიკ ბრაუნთან და King Mo-სთან მუშაობა, კიდევ იმდენი რამ ვისწავლე და იქ უამრავი დიდი ტანის მებრძოლია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე კარგად მიმიღეს. King Mo-ს დიდი ხანია ვიცნობ და ყოველთვის ძალიან კარგი ადამიანია.
სასიამოვნოდ გამაოცა MMA-ში მისმა ცოდნამ, მართლაც ძალიან კარგი მწვრთნელია და სპარინგებისა თუ სხვა სამუშაოს დროს ძალიან მეხმარება.
მაიკ ბრაუნთან მუშაობაც შესანიშნავია, MMA-ს ნამდვილი ფანატიკოსია, ეს ყველაფერი უყვარს. ამ მხრივ აქ ყოფნა ჩემთვის დიდი საჩუქარია.
ამას გარდა, აქ უსასრულოდ ბევრი ძლიერი დაღესტნელი, ჩეჩენი და ამერიკელი მებრძოლია, უამრავი მაღალი დონის პარტნიორი მყავს სავარჯიშოდ.“
წონითი კატეგორიისა და გუნდის ერთდროულმა შეცვლამ შესაძლოა ზოგიერთს აფიქრებინოს, რომ დე რიდერმა თავდაჯერება დაკარგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზედიზედ ორი ბრძოლა ბრენდან ალენთან და კაიო ბორალიოსთან დათმო.
თუმცა რეალობა სრულიად საპირისპიროა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რას მიაღწია მან ამ მარცხებამდე.
ნიდერლანდელმა ვეტერანმა UFC-ში კარიერის დასაწყისში 8 თვის განმავლობაში 4 ბრძოლა მოიგო. მათ შორის, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა კევინ ჰოლანდი, ბო ნიკალს კარიერაში პირველი და დღემდე ერთადერთი მარცხი აგემა და აბუ დაბიში ყოფილი ჩემპიონი რობერტ უიტაკერიც დაამარცხა.
მართალია, ბოლო ორ ბრძოლაში სასურველი შედეგი ვერ მიიღო, თუმცა დე რიდერი UFC-ში დღემდე მიღწეულით კვლავ ამაყობს და სურს, ოქტაგონში თავისი შესაძლებლობების სრული არსენალი კვლავ წარმოაჩინოს.
„სულ მცირე, დავამტკიცე, რომ აქ ჩემი ადგილი მაქვს“, - თქვა მან.
ძალიან ვამაყობ იმით, რისი გაკეთებაც შევძელი. თითოეულმა ბრძოლამ რაღაც მასწავლა. ვიცი, რა არის ჩემი ძლიერი მხარე, ვიცი, რა იარაღები მაქვს და კვლავ მიყვარს მძიმე შრომა, დარბაზში ყოფნა და თავდაუზოგავი ვარჯიში. ეს ყველაფერი ისევ ძალიან მიყვარს, ამიტომ ვნახოთ, რამდენად შორს შევძლებ 205 ფუნტში წასვლას.
კვირას დე რიდერი რომან დოლიძეს დაუპირისპირდება, რომელიც თავადაც ქვემძიმე წონაში ბრუნდება მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი პერიოდი საშუალო წონაში გაატარა.
ეს RDR-ს შესაძლებლობას აძლევს, UFC-ში ახალ დივიზიონში სადებიუტო ბრძოლაშივე ხმამაღალი განაცხადი გააკეთოს, რადგან ქართველი მებრძოლი უკვე კარგად ცნობილი სახელია და ორივე წონით კატეგორიაში წარმატებით უასპარეზია.
ამჟამად რეიტინგში არცერთი მათგანი არ იმყოფება, თუმცა ქვემძიმე წონითი დივიზიონის სიღრმე საშუალო წონისას ჩამოუვარდება, რაც რეიტინგში სწრაფად შესვლის შესაძლებლობას ქმნის.
ამასთან, დე რიდერმა აღნიშნა, რომ ის და დოლიძე ერთადერთი ყოფილი საშუალო წონის მებრძოლები არ არიან, რომლებიც 205 ფუნტში გადავიდნენ. შესაბამისად, შესაძლოა ზოგიერთი საინტერესო ბრძოლა, რომელიც მანამდე ხელიდან უსხლტებოდა, ახლა კვლავ შესაძლებელი გახდეს.
„იქნებ საინტერესო ბრძოლები უკან მომყვებიან“, - თქვა დე რიდერმა სიცილით, შემდეგ კი უიტაკერთან რევანშის იდეას ხუმრობით გამოეხმაურა, რადგან ახლა ორივე ქვემძიმე წონაში ასპარეზობს.
„ეს ბრძოლა წარსულში დავტოვოთ, თუმცა ბოლო ბრძოლაში კარგად გამოიყურებოდა, ძალიან სწრაფი იყო.“ - თქვა მან.
მართალია, მომავალში დე რიდერს არაერთი საინტერესო ბრძოლა შეიძლება ელოდეს, მაგრამ ამჟამად მის წინ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა.
ნიდერლანდელს სურს, კიდევ ერთხელ შეახსენოს ყველას, რა შესაძლებლობები მოაქვს მას ოქტაგონში და აღიარა, რომ კვირას მისთვის დამაჯერებელი, ვადამდელი გამარჯვება აუცილებელია.
„ველოდები, რომ კვლავ 100 პროცენტით მზად ვიქნები და ყველა ჩემს ძლიერ მხარეს წარმოვაჩენ, დისტანციაზე ჩემს იარაღებს, იმედია კლინჩში მუხლებსა და იდაყვებსაც გამოვიყენებ და დავუბრუნდები იმ ყველაფერს, რაც კარგ და განსაკუთრებულ მებრძოლად მაქცევს.
დოლიძე უნდა დავაფინიშო და იმედია, ამას სანახაობრივად გავაკეთებ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
UFC-ის ღონისძიების მთავარი ქარდი, სადაც რომან დოლიძე რეინიერ დე რიდერს დაუპირისპირდება, 23 აგვისტოს 04:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები