სენეგალის დედაქალაქ დაკარში ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დასრულდა.
31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით გამართულ შეჯიბრებაზე საქართველოს დელეგაციამ გამოსვლა ოთხი მედლით - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს ჯილდოთი დაასრულა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 44-ე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოკრივე ემილ ისმაილოვმა (55 კგ) მოიპოვა. ვერცხლის მედლებს ქვიშის მოჭიდავეები ლუკა მახარაძე (70 კგ) და ნურადინ მუსტაფაევი (90 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ასევე ქვიშის მოჭიდავემ, დავით მძევაშვილმა (60 კგ) დაისაკუთრა.
თამაშების დახურვის ცერემონია ოლიმპიურ სოფელში გაიმართა, სადაც საქართველოს მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი, ემილ ისმაილოვი იყო.
დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, რომელსაც აფრიკის კონტინენტმა ისტორიაში პირველად უმასპინძლა, 205 ქვეყნის სპორტსმენები სპორტის 25 სახეობაში ასპარეზობდნენ.
საქართველოს სახელით კი 9 სახეობაში (მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა) 13 სპორტსმენი გამოვიდა.