ჩელსიმ წარმატებით აარიდა თავი 24 მილიონი ფუნტის ოდენობის საკომპენსაციო თანხის გადახდას ლიამ როსენიორის გათავისუფლების შემდეგ, რომელიც გუნდს სულ რაღაც 104 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კრიტიკის ქარცეცხლშია, მწვრთნელის 8-წლიან კონტრაქტში ჩადებულმა სპეციალურმა პუნქტმა ლონდონელები დიდ ფინანსურ დარტყმას გადაარჩინა.
როსენიორი თანამდებობიდან ოთხშაბათს დაითხოვეს პრემიერ ლიგაში ზედიზედ განცდილი ხუთი მარცხის შემდეგ, რომლებშიც გუნდს გოლიც კი არ გაუტანია. ბოლო წვეთი ბრაიტონთან სამარცხვინო წაგება (3-0) აღმოჩნდა, რამაც კლუბი მე-8 ადგილზე დატოვა. როსენიორმა ჩატარებული 23 მატჩიდან 10 წააგო და გახდა ჩელსის ისტორიაში ყველაზე „სწრაფი“ მწვრთნელი, რომელმაც ორნიშნა რაოდენობის წაგება დააგროვა გლენ ჰოდლის (1993 წელი) შემდეგ.
თავდაპირველი ინფორმაციით, კონტრაქტის ხანგრძლივობის გამო, რომელიც 2032 წლამდე იყო გათვლილი, კლუბს 24 მილიონი ფუნტის გადახდა უწევდა. თუმცა, Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებებისას მიაღწია შეთანხმებას პუნქტზე, რომელიც კომპენსაციის ოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს პუნქტი კლუბს ფინანსური კოლაფსისგან იცავს იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობა დათქმულზე 6 წლით ადრე დასრულდებოდა.
სეზონის ბოლომდე გუნდს დროებითი მწვრთნელი, ქალუმ მაკფარლეინი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ასისტენტის როლს ასრულებდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მუდმივი მწვრთნელის ძებნა ზაფხულამდე გადადოს. მაკფარლეინის მთავარი ამოცანა გასახდელში მორალური მდგომარეობის გამოსწორება და დარჩენილ ხუთ ტურში მაქსიმალური ქულების მოპოვებაა.
დროებითი მწვრთნელისთვის პირველი გამოცდა კვირას, უემბლიზე შედგება, სადაც ჩელსი ინგლისის თასის ნახევარფინალში ლიდს იუნაიტედს დაუპირისპირდება. ეს ტურნირი კლუბისთვის ტიტულის მოგების ერთადერთი შანსია, თუმცა მაკფარლეინს მოუწევს ტაქტიკური გამოსავლის პოვნა გუნდის საგოლე გვალვის დასასრულებლად, რათა ჩელსიმ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე თამაში გაინაღდოს.