მანჩესტერ სიტი ამ ზაფხულს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ჩელსის ენცო ფერნანდესს განიხილავს.
სიტის ინტერესი არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ჯერ ადრეულ ეტაპზეა და მათ სხვა სამიზნეებიც ჰყავთ ნახევარდაცვაში, მათ შორის ნოტინგემ ფორესტის ელიოტ ანდერსონი - ამის შესახებ სიტუაციასთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს.
ფერნანდესის მიმართ ინტერესს მადრიდის რეალიც იჩენს, თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია, გააკეთებენ თუ არა მასზე ოფიციალურ შეთავაზებას. მარტში, სანაკრებო პაუზის დროს მადრიდზე გაკეთებული კომენტარების გამო, ფერნანდესი ლიამ როსენიორმა ორი მატჩით ჩამოაშორა გუნდს.
სიტის ინტერესი ფერნანდესის მიმართ ემთხვევა იმ პერიოდს, როცა კლუბი ნახევარმცველ ბერნარდუ სილვას დაკარგვისთვის ემზადება. სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ეტიჰადს დატოვებს.
როდრის კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში, თუმცა აპრილში პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „პოზიტიურად არის განწყობილი“ და 29 წლის ესპანელი დარჩენას დათანხმდება. თავად როდრიმ მარტში თქვა, რომ ერთ დღეს ესპანეთში დაბრუნება სურს და „ვერ იტყოდა უარს“ მადრიდში თამაშის შესაძლებლობაზე.
The Athletic-ის ინფორმაციით, სიტი ასევე ანდერსონის შეძენისთვის იბრძვის და ვარაუდობენ, რომ ეტიჰადი თავად ფეხბურთელისთვის სასურველი მიმართულებაა. ინგლისელი ნახევარმცველი ასევე მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სამიზნეა ამ ზაფხულს.
25 წლის ფერნანდესი სტემფორდ ბრიჯთან კონტრაქტით 2032 წლამდეა დაკავშირებული, თუმცა მარტში გაკეთებულმა რამდენიმე განცხადებამ მისი მომავლის შესახებ ეჭვები გააჩინა.