ერლინგ ჰალანდი კიდევ ერთი ისტორიული რეკორდის მოსახსნელად ემზადება, რომელსაც არსენალისა და ლივერპულის ლეგენდები, ტიერი ანრი და მოჰამედ სალაჰი ფლობენ.
მანჩესტერ სიტის ფორვარდი პრემიერ ლიგის მესამე ოქროს ბუცთან ძალიან ახლოსაა. პოლ დიკოვმა GOAL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ გადაწერს ნორვეგიელი ფენომენი ისტორიას.
ჰალანდმა მანჩესტერ სიტიში გადმოსვლის თანავე დაამტკიცა თავისი კლასი. სადებიუტო სეზონში 52 გოლი გაიტანა და გუნდს ტრებლის მოგებაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ორ სეზონში მისი მაჩვენებლები ოდნავ შემცირდა, მან სწრაფად გადალახა პრემიერ ლიგაში 100-გოლიანი ზღვარი. საერთო ჯამში კი, კლუბის მაისურით ჩატარებულ 193 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 159 გოლია.
პოლ დიკოვმა ჰალანდის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა:
ვფიქრობ, კი. ის აქ დიდხანს დარჩება, რაც მას საშუალებას მისცემს დაამსხვრიოს აბსოლუტურად ყველა რეკორდი, რომელიც კი არსებობს. ის აგრძელებს პროდუქტიულობას, ის აგრძელებს სულ უფრო მეტი გოლის გატანას. რამდენიმე სეზონის წინ სასაცილოდ ჟღერდა, თუ ვიტყოდით, რომ ის სალაჰს ან ანრის გაასწრებდა. ეს სულაც არ არის სასაცილო, სინამდვილეში საკმაოდ მარტივადაც კი ჟღერს, რომ ის გავა და ამას გააკეთებს, რაც გიჟურია
თუ ჰალანდი გატანას გააგრძელებს, მანჩესტერ სიტის შიდა ტრებლის მოპოვების კარგი შანსი ექნება. გუნდმა 2026 წელს უკვე მოიგო კარაბაოს თასი, პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა და ინგლისის თასის ნახევარფინალშია. დიკოვი დარწმუნებულია, რომ გუარდიოლას გუნდი ყველა ტიტულს დაეუფლება:
დიახ, ვფიქრობ ასეა. სამი-ოთხი კვირის წინ რომ გეკითხათ, სიტის კალენდრის გათვალისწინებით, არსენალთან ფინალი, ლივერპული თასზე, ჩელსი გასვლაზე და არსენალი ლიგაში, ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად არანაირი შანსი არ იყო. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და არსებობს ყველა შანსი, რომ მათ ეს გააკეთონ. ეს არ გამაკვირვებს
ჰალანდმა ბოლო ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და კვლავ დაიბრუნა ის ცეცხლი, რომელიც წლის დასაწყისში ოდნავ ჩამქრალი ჰქონდა. წინ პრემიერ ლიგის ბოლო ხუთი ტურია, სადაც ერლინგი შეეცდება კიდევ ერთხელ გააწბილოს არსენალი და საკუთარ კოლექციას მორიგი ინდივიდუალური ჯილდო შემატოს.