არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა კვლავ განიხილავს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გასვლას კრისტენსენის შემცვლელის მოსაძებნად. დანიელის ტრავმა კლუბს აძლევს საშუალებას, მოიყვანოს მოთამაშე მისი ადგილის გამოყენებით, ფეარ პლეის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.
დეკუ და ფლიკი მაინც ყოყმანობენ, რადგან ბაზარზე არსებული ვარიანტები მათ არ არწმუნებთ და მიაჩნიათ, რომ არსებული შემადგენლობით სეზონის ბოლომდე მისვლა შეუძლიათ. ისინი არ ჩქარობენ და დააკვირდებიან, როგორ იასპარეზებს გუნდი წლის პირველ მატჩებში.
თუმცა ფლიკს რამდენიმე მნიშვნელოვანი „დამატება“ ექნება იმ ფეხბურთელების დაბრუნების წყალობით, რომლებიც გუნდისთვის საკვანძო ფიგურები არიან.
ერთ-ერთი მათგანია რონალდ არაუხო. ურუგვაელი უკვე დაუბრუნდა გუნდთან ერთად ვარჯიშს და იმედოვნებენ, რომ თამაშს ესპანიოლთან დერბიში თუ არა, სუპერთასზე მაინც შეძლებს.
ფეხბურთელი უკვე გამოჯანმრთელებულია იმ ფსიქოლოგიური პრობლემებისგან, რომელმაც აიძულა ნოემბრის ბოლოს შეჩერება, ჩელსისთან მატჩის შემდეგ. მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელისთვის, განსაკუთრებით კრისტენსენის არყოფნის ფონზე.
სიფრთხილე გავისთან დაკავშირებით
მეორე დიდი დამატება იქნება გავი. ნახევარმცველმა გასული წლის სექტემბერში მძიმე ტრავმა მიიღო და მენისკზე ოპერაცია ჩაუტარდა. ის უკვე აღდგენის საბოლოო ეტაპზეა, თუმცა მისი დაბრუნება მყისიერი არ იქნება.
მოსალოდნელია, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს იანვარში დაიწყებს და თებერვალში ოფიციალურ მატჩებს დაუბრუნდება. კლუბში ყველა ძალიან ფრთხილია მისი დაბრუნების საკითხში, წინა ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
სრულად გამოჯანმრთელებული გავი ფლიკისთვის საუკეთესო გაძლიერება იქნება.
პედრის ფაქტორი
ასევე არის სამი ფეხბურთელი, რომელთა დაბრუნებაც მალეა მოსალოდნელი: პედრი, კუნდე და ოლმო. პირველმა მათგანმა 2025 წლის ბოლო მატჩში ვილიარეალთან ვერ ითამაშა.
ტრავმა სერიოზული არ ყოფილა, თუმცა პედრისთან დაკავშირებით ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, მისი მნიშვნელობისა და ოქტომბრის ბოლოს მიღებული ტრავმის გამო, რომელმაც ის ერთი თვით ჩამოაშორა მოედანს.
ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ესპანიოლთან მატჩისთვის მზად იქნება.
მარჯვენა მცველი
იგივე ეხება ჟულ კუნდესაც, რომელმაც ვილიარეალთან მატჩი მცირე დისკომფორტით დაასრულა. ტრავმა სერიოზული არ არის, რაც თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, და ისიც შაბათის მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
მარჯვენა მცველის პოზიცია ერთადერთია, რომელიც ბარსელონაში სრულად არ არის დაკომპლექტებული, ამიტომ ფრანგის ყოფნა ფუნდამენტურია. როდესაც მას თამაში არ შეუძლია, ამ პოზიციაზე ერიკ გარსია და კასადო ასპარეზობენ.
ოლმოსთან დაკავშირებული ეჭვები
დანი ოლმოს დაბრუნება დერბისთვის ასე ცხადი არ არის. ესპანელმა ერთი თვის წინ ატლეტიკოსთან მატჩში მხარი ამოიგდო. მისი აღდგენა კარგად მიმდინარეობს. მისი მდგომარეობის პროგრესი მომდევნო საათებში განსაზღვრავს, იქნება თუ არა ის ესპანიოლთან განაცხადში.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
