ჯორჯ რასელი ამბობს, რომ მზად არის მერსედესთან ერთად ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლოს, თუმცა აღიარებს, რომ მიუხედავად ბარსელონას ტესტების დამაიმედებელი ნიშნებისა, ჯერ კიდევ „ძალიან ადრეა თქმა“, იქნება თუ არა წლევანდელი „ვერცხლის ისრები“ მთავარი პრეტენდენტი.
მერსედესმა ცივ Circuit de Barcelona-Catalunya-ზე სამდღიანი ტესტირების ძალიან პროდუქტიული სერია ჩაატარა. მრბოლელები და გუნდები ახალი ბოლიდების უკეთ გააზრებაზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
რასელი ფორმულა 1-ში მე-8 სეზონს იწყებს და უკვე აქვს ხუთი გრან-პრის გამარჯვება. ბევრი თვლის, რომ გასული სეზონი მის კარიერაში საუკეთესო იყო.
„ვგრძნობ, რომ მზად ვარ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. მნიშვნელობა არ აქვს, გვაქვს თუ არა ეს სტატუსი ახლა, ჩემი მიდგომა ამით არც ერთი პროცენტით არ იცვლება.“ - თქვა რასელმა მედიასთან საუბრისას.
„გუნდთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობ. აქ ყველა ბოლომდე იხარჯება, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ახალი რეგლამენტი. გულწრფელად რომ ვთქვა, უზომოდ აღფრთოვანებული ვარ ამ გამოწვევით, რადგან ახალ მანქანებთან ადაპტაცია ძალიან რთულია - როგორ მუშაობს ენერგიის მართვა, ბატარეების ხელახალი დამუხტვა, ბუსტ-სისტემა, გასწრების რეჟიმები, აქტიური აეროდინამიკა.
ძალიან ბევრი რამ არის, რაც სწრაფად უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამისგან სარგებლის მიღება შემიძლია და საკუთარ თავშიც და გუნდშიც დარწმუნებული ვარ.“
კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს იმ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომ ტიტულისთვის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონ მაქს ვერსტაპენს დაუპირისპირდება, რასელმა უპასუხა:
„მიხარია, თუ ასე მოხდება. ძალიან მინდა მაქსთან პირისპირ ბრძოლა და ცხადია, ლანდოსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა შარშან.
მაგრამ არა, ეს დამატებით ზეწოლას არ მიქმნის. მგონია, რომ გულშემატკივრები და ხალხი ელოდნენ, შესაძლოა, მერსედესისა და მაკლარენის დაპირისპირებას, რადგან დიდი მოლოდინი იყო, თითქოს მერსედესს აშკარად საუკეთესო ძრავი ექნებოდა.
მაგრამ ჩანს, რომ სხვა ძრავის მწარმოებლებმაც კარგი სამუშაო შეასრულეს. ჩვენ ვიცით, რომ რედ ბულს ყოველთვის შესანიშნავი ბოლიდი ჰყავდა, მერსედესის დომინაციის წლებშიც კი პრობლემა მათ ძრავში იყო და არა შასიში.
და, რა თქმა უნდა, ვიცით, რამდენად ძლიერია მაქსი. ასე რომ, ვფიქრობ, ის ნამდვილად იქნება წელს ბრძოლაში. ეს კარგია. რა თქმა უნდა, გინდა, რომ ყველაფერი ცოტა უფრო მარტივად იყოს, მაგრამ ჩემპიონობა არასდროს უნდა იყოს მარტივი. თუ მოიგებ, გინდა, რომ ეს სამართლიან ბრძოლაში, ტრასაზე მოიპოვო.“ - განაცხადა ბრიტანელმა მრბოლელმა.
ფორმულა 1 - რა მოხდა ბარსელონას ტესტებზე?