სპორტინგი მზადაა გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე სევილიასთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა მხოლოდ მისაღები პირობების შემთხვევაში.
ლისაბონის სპორტინგმა გიორგი ქოჩორაშვილის თაობაზე სევილიას ბოლო შეთავაზება უარყო.
ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ანდალუსიურმა კლუბმა ქართველი ნახევარმცველის იჯარით აყვანა სცადა, ხელშეკრულებაში კი 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის სავალდებულო პუნქტი უნდა ყოფილიყო. სპორტინგისთვის ეს თანხა არასაკმარისია.
ლისაბონური კლუბი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, ზუსტად იმდენის, რამდენიც 2025 წელს ფეხბურთელის ლევანტედან შესაძენად გადაიხადა.
სევილია 2026/27 წლების ლა ლიგის სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს და ნახევარდაცვის ხაზისთვის უკვე დაიმატა ხონ გურიდი.
გიორგი ქოჩორაშვილი 27 წლისაა და სპორტინგთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.