-
Aa
+
ფონტის ზომა
ზემოთ კლუბები შემთხვევითობის პრინციპით არ ჩამომითვლია - ეს ის კლუბებია, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში „განსაკუთრებულს", ანუ ჟოზე მოურინიოს გაუწვრთნია.
21-ე საუკუნის პირველი ორი ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი 2015 წლის შემდეგ დაღმავლას განიცდის, მისი ყოველი გუნდი შემდეგზე უფრო მეტად სუსტია და ბევრს ისიც გაუკვირდა, 2025-ს შემოდგომაზე მოულოდნელად ბენფიკაში რომ დაუძახეს, როცა იმავე ბენფიკასთან ფენერბაჰჩეთი დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რის გამოც, შემდგომში, სტამბოლიდანაც მიაბრძანეს.
სხვათაშორის, მთელმა მსოფლიომ პორტუდან გაიცნო, თუმცა პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები ჟოზემ ბენფიკაში გადადგა და შესაბამისად, მისთვის ეს ერთგვარი დაბრუნებაც იყო. დაბრუნება, რომელიც პირველ სეზონში ტიტულებით ვერ დასრულდა - მართალია, ბენფიკა ჩემპიონატს წაუგებლად ასრულებს, თუმცა ჩემპიონი მაინც ვერ ხდება - პორტუ ბევრად წინ არის და დღე-დღეზე უნდა გაიფორმოს ოფიციალურად ტიტული.
ამ ყველაფრის ფონზე ორმაგად უცნაური და ბევრისთვის მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს დღევანდელი ნიუსი - თუ არ იცით მოკლედ გეტყვით, რომ ავტორიტეტული მადრიდული წყაროების ცნობით, მადრიდის რეალის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის პირადი სურვილია, ჟოზე მოურინიო დააბრუნოს გუნდში და მეტიც, ამაზე აქტიურად მუშაობს.
პარალელურად, თუ არანაკლებ ავტორიტეტულ ფაბრიციო რომანოს დავუჯერებთ, თავად ჟოზეც თანახმაა რეალში დაბრუნებაზე. იმდენად, რომ მისთვის პირადი კონტრაქტის დეტალები პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.
ამ სტატიაში კი მინდა გითხრათ, რატომ არის მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს დაბრუნება - ამ ეტაპზე უბრალოდ წაუგებელი ვარიანტი.
დღევანდელ მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს მისვლა არის უკიდურესობა - თავად უნდა განსაჯოთ დადებითი თუ უარყოფითი, ან უბრალოდ ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა უკიდურესობა ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული გვაქვს.
მადრიდული გიგანტი ბოლო ორი სეზონია ღრმა ძილშია. იმდენად ღრმა ძილში, რომ კილიან მბაპეს მოსვლა არა მოსალოდნელი ტრიპლეტებით, არამედ უტიტულობის ხანგრძლივ სერიად გადაიქცა.
არეული გასახდელი, კონფლიქტი მყოფი ლიდერები, თავის ნებაზე მიშვებული ფეხბურთელები, რომლებსაც გასაღები ალონსომ და არბელოამ კი არა, ისტორიაში საუკეთესო მენ-მენეჯერმა, კარლო ანჩელოტიმაც ვერ მოარგო.
ამიტომ, დღეს რეალში მოურინიოს მისვლა რისკს პრაქტიკულად არ შეიცავს და ფლორენტინო პერესის ამ პროექტს ორი გზა ექნება: ან ჟოზე გუნდს საჭირო იმპულსს მისცემს და მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატებას მიაღწევს, ან უბრალოდ რეალის პრეზიდენტს საბოლოოდ აუხელს თვალს იმაზე, რომ მისი ეს ახალი პროექტი უბრალოდ არ მუშაობს.
რატომ ვერ ხედავს ამას პერესი ახლა? შეუძლებელია ვერ ხედავდეს, პრობლემა მიუღებლობაშია. პრესაში ერთი მეორეს მიყოლებით მოდის ინფორმაციები, რომ პრეზიდენტის აზრით, პრობლემა მწვრთნელშია, რომ შემადგენლობა იმაზე ბევრად კარგია, ვიდრე ამას შედეგები აჩვენებს. თუმცა, თუ არბელოას და ალონსოს (უფრო ნაკლებად) სამწვრთნელო კომპეტენციაში ეჭვის შეტანა ჯერ კიდევ შეიძლება, კარლო ანჩელოტი სამწვრთნელო ოლიმპოზე წლებია ზის და ამიტომ, პერესისთვის თვალი ჯერ კიდევ წინა სეზონს უნდა აეხილა.
ვერ აეხილა თუ არ აახილა, ფაქტი ერთია - მეორე წარუმატებელი და წყალს გატანებული სეზონის მიუხედავად, მადრიდის რეალის 79 წლის პრეზიდენტი უარს ამბობს აღიარებაზე, რომ მისი ეს მბაპე-ვინისიუსის სახელობის პროექტი ჩავარდა და ყველაფერზეა წამსვლელი საპირისპიროს დასამტკიცებლად, ასეთ თამაშში კი ჟოზე მოურინიო იდეალური გამოსავალია.
ალბათ თქვენ თავადაც გექნებათ არაერთხელ მოსმენილი რეალის ფანისგან, რომ ამდენი მოგებული ჩემპიონთა ლიგის მიუხედავად, საუკეთესო რეალი, რომელიც მათ უნახავთ - სწორედ ჟოზეს რეალი იყო, განსაკუთრებით 2011/12 წლის, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდი პენალტებში მარცხის გამო ვერ გავიდა.
„როცა მივდიოდი, ფლორენტინო დარჩენას მთხოვდა და მეუბნებოდა, რომ რთული ეტაპი უკვე გადალახული მაქვს, ახლა მარტივი დარჩა. ერთ-ერთი ის მწვრთნელი ვარ, რომელიც რეალიდან არ გაუგდიათ." - ხშირად იხსენებს ხოლმე ჟოზე და დიდი ნოსტალგიითა და სიყვარულით მოიხსენიებს „თავის" რეალს, რომელთან ერთადაც მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და ნანატრი მე-10 ჩემპიონთა ლიგის ტიტული ვერ მოუტანა.
მაშინდელ რეალში ჟოზე აპოკალიპსის გადასარჩენად მივიდა - ესპანეთში პეპის ბარსა დომინირებდა, რაც ფლორენტინო პერესის თავმოყვარეობას ანადგურებდა და ამიტომ, პორტუგალიელ მწვრთნელს იმაზე მეტს დაჰპირდა, ვიდრე სხვა მწვრთნელებს ჰპირდება და აძლევს ხოლმე. საბოლოოდ, ეს ბარსასთვის ლა ლიგის წართმევასა და პეპ გვარდიოლას წასვლაშიც გადაიზარდა.
დღეს სხვა სიტუაციაა, რეალს ლიგაზე ამხელა წარუმატებელი სერია არ აქვს, თუმცა ჟოზეს საქმე არაფრით ნაკლები არ ექნება - გასახდელი თავიდან ბოლომდეა მოსაწესრიგებელი და ფაქტია, რომ ამ გუნდს გასახდელში ავტორიტეტი სჭირდება იმისთვის, რომ მოუსმინონ. ექსპერიმენტები აქ ყველაზე რთულად ამართლებს და ეს ამ სეზონმაც კარგად წარმოაჩინა.
იმიტომ, რომ თავად ჟოზესთვის კარიერისთვის მეორე ან სულაც მესამე სუნთქვის გაჩენის შანსია - უკვე ბევრისთვის ჩამოწერილი განსაკუთრებული ინიშნება ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო კლუბში და მიზნად ისახავს დაალაგოს არეული გასახდელი და დაუბრუნოს კლუბს ტიტულები, თუ გზად თავის დანაკლისს შეივსებს და მე-16 ლიგასაც მოაგებინებს, მთლად უკეთესი.
ხოლო რეალისთვის იმაზე მეტად ფსკერის გახვრეტა, ვიდრე ბოლო ორი წელია გუნდი ტივტივებს, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ჟოზე ან დაალაგებს და მინიმუმ პირველი წლები სიტუაციას გამოასწორებს, ან ფლორენტინო პერესს თვალს აუხელს ამ პროექტის განწირულობაზე და კიდევ ერთი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, უკვე მომავალ ზაფხულს მადრიდულ რევოლუციას ვიხილავთ. არაა გამორიცხული, ახალი პრეზიდენტის მოსვლით დაწყებული.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები