არგენტინის ნაკრების გასახდელში თუ ტრიბუნებზე ხშირად გაიგონებთ სიმღერას, სადაც ფოლკლენდის კუნძულები (არგენტინელებისთვის მალვინის კუნძულები) და ინგლისი ფიგურირებს.
განსაკუთრებით პოპულარულია ფრაზა: „მალვინისთვის, დიეგოსთვის, ლეოს ბოლო მუნდიალისთვის“. ეს უბრალო სპორტული დაპირისპირება არ არის. არგენტინელებისთვის ეს თემა ეროვნული იდენტობის, ტკივილისა და ისტორიული სამართლიანობის საკითხია.
მთავარი მიზეზი 1982 წელს დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის მომხდარი ფოლკლენდის ომია. კონფლიქტი 74 დღეს გაგრძელდა, არგენტინის მარცხით დასრულდა და 649 არგენტინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპული გმირების ხსოვნა არგენტინულ კულტურაში წმინდაა და ამ თემის შემოტანით ისინი პატივს მიაგებენ ახალგაზრდა ჯარისკაცებს.
ომიდან სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, 1986 წლის მუნდიალზე, არგენტინა და ინგლისი ერთმანეთს შეხვდნენ. ეს თამაში სიმბოლური რევანში იყო. დიეგო მარადონამ იმ დღეს ორი ისტორიული გოლი გაიტანა: პირველი - ლეგენდარული „ღმერთის ხელით“, ხოლო მეორე - საუკუნის საუკეთესო სოლო რეიდით. მას შემდეგ მარადონა ამ დაპირისპირების მთავარ სიმბოლოდ იქცა.
არგენტინულ საფეხბურთო კულტურაში ფესვგადგმულია კიდევ ერთი ცნობილი შეძახილი: „გაუმარჯოს, გაუმარჯოს, ვინც არ ხტუნავს, ინგლისელია!“. როგორც თავად არგენტინელები განმარტავენ, ეს არ არის ბრმა სიძულვილის გამოხატულება. ეს უბრალოდ საკუთარი იდენტობის გამოკვეთის გზაა.