ამერიკელი მსაჯი ისმაილ ელფატი ოთხშაბათს, მერსედეს-ბენც სტედიუმზე ინგლისისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას განსჯის.
44 წლის ელფატმა მიმდინარე ტურნირზე უკვე სამ მატჩში იმსაჯა - იაპონია-ნიდერლანდები, ურუგვაი-ესპანეთი და ბრაზილია-ნორვეგია.
ამ შეხვედრებში მან 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა. მოედნიდან ურუგვაელი აგუსტინ კანობიო გააძევა.
ელფატს თანამემამულეები, კორი პარკერი და კაილ ატკინსი დაეხმარებიან. მისი დანიშვნით, ის მეორე კონკაკაფის წარმომადგენელი მსაჯი გახდა, რომელსაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის განსჯა დაევალა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამშაბათს, ტეხასის შტატის ქალაქ არლინგტონში საფრანგეთისა და ესპანეთის შეხვედრას სალვადორელი მსაჯი ივან ბარტონი მოემსახურება.
ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები ოთხშაბათს ერთმანეთს 2005 წლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდებიან, მსოფლიო ჩემპიონატზე კი მათი ბოლო შეხვედრა 2002 წელს გაიმართა.
არგენტინის ნაკრების გზა მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალამდე ასევე გამოირჩეოდა მსაჯებისა და VAR-ის მიერ მიღებული არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილებით.
მათ შორის იყო შემთხვევა, როდესაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის პირველ მატჩში ალჟირელი აისა მანდის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლიონელ მესი წითელ ბარათს გადაურჩა.
ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა კი განაცხადა, რომ მისი გუნდი „უსამართლობის მსხვერპლი“ გახდა მას შემდეგ, რაც VAR-ის ჩარევით ეგვიპტეს გოლი გაუუქმეს. ეს მერვედფინალურ შეხვედრაში მოხდა, რომელიც ეგვიპტემ 2:3 წააგო.
არგენტინის მეოთხედფინალურ შეხვედრაში VAR კიდევ ერთხელ ჩაერია თამაშში, ლეანდრო პარედესისთვის ნაჩვენები ბარათი გაუქმდა და მის ნაცვლად ის შვეიცარიელ ბრელ ემბოლოს უჩვენეს. საბოლოოდ, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა დამატებით დროში 3:1 გაიმარჯვა.