ინგლისისა და განას მატჩის (0:0) შემდეგ, ჯუდ ბელინგემი ახალი სადისკუსიო თემის ეპიცენტრში მოექცა.
კამერებმა დააფიქსირეს, როგორ აიფარა ხელი პირზე ინგლისელმა ჯორდან აიუსთან საუბრისას. ფიფას ახალი, მკაცრი წესით კი ეს მოქმედება წითელ ბარათს ითვალისწინებს.
ფიფას ახალი კანონი: პირზე ხელის აფარება იკრძალება
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯანი ინფანტინოს ინიციატივით შემოიღეს წესი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი მოედნიდან გაძევდება, თუ ის მეტოქესთან ლაპარაკისას პირს განზრახ დამალავს. ეს გადაწყვეტილება ბენფიკას მოთამაშის, ჯანლუკა პრესტიანის შემთხვევას მოჰყვა, რომელმაც ამ ჟესტით ჰომოფობიური შეურაცხყოფა დამალა და 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
მუნდიალზე ამ წესით უკვე გააძევეს პარაგვაელი მიგელ ალმირონი, რომელმაც თურქეთთან მატჩში, არეულობის დროს, პირზე ხელი აიფარა.
რატომ გადაურჩა ბელინგემი წითელ ბარათს?
სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, პიერლუიჯი კოლინამ განმარტა, რომ პირზე ხელის აფარება მხოლოდ კონფლიქტური სიტუაციის დროს ისჯება. ბელინგემსა და აიუს შორის კი არანაირი აგრესია არ ყოფილა - ეს იყო ჩვეულებრივი, მეგობრული საფეხბურთო დიალოგი, რის გამოც ვიდეორეფერი საქმეში არ ჩარეულა.
კონფლიქტი ინგლისელს განას მწვრთნელთან, კარლუშ კეირუშთან უფრო ჰქონდა. მატჩის შემდეგ კეირუში მსაჯებით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ VAR-ის მსაჯები ყავის დასალევად გავიდნენ, როცა განას სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნეს.