ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდის მოხსნის შემდეგ განაცხადა, რომ 2030 წლის მუნდიალზე თამაში გამორიცხული არ არის.
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ამ დღეებში 39 წლის გახდა, ავსტრიასთან დუბლით მიროსლავ კლოზეს გადაასწრო და 18 გოლით ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„სანამ გუნდს ვჭირდები, ვითამაშებ“
მედიასთან საუბრისას ინტერ მაიამის ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ასაკის მიუხედავად, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და ყველაფერი მის ფიზიკურ კონდიციებზე იქნება დამოკიდებული:
არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ამაზე ახლა საერთოდ არ ვფიქრობ. 2030 წელი შორსაა, მე კი დღევანდელი დღით ვცხოვრობ. თუმცა, სანამ მოედანზე თავს კარგად ვიგრძნობ, თანაგუნდელების დახმარებას შევძლებ და სარგებელს მოვიტან, მანამ თამაშს გავაგრძელებ
მესიმ მიმდინარე მუნდიალი კოსმოსურ ფორმაში დაიწყო - ალჟირთან ჰეთ-თრიკის შემდეგ, მან ავსტრიასთან დუბლი შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინის ნაკრების ხუთივე გოლი მიმდინარე ტურნირზე პირადად კაპიტნის ანგარიშზეა.
იდეალური ფორმა 39 წლის ასაკში
სანამ ექსპერტები მსჯელობენ, შეძლებს თუ არა ლეო 43 წლის ასაკში მსოფლიო თასზე სირბილს, მესი საწვრთნელი ბაზიდან ვიდეოებს აზიარებს, სადაც ფიზიკურ მომზადებასა და იდეალურ ფორმას უსვამს ხაზს.
არგენტინამ მუნდიალზე ჯგუფიდან გასვლა 2 ტურში გაინაღდა. ლიონელ სკალონის გუნდი ბოლო მატჩს იორდანიასთან გამართავს, სადაც მწვრთნელი ლიდერების დასვენებას და პლეი-ოფისთვის ძალების შენახვას გეგმავს. არგენტინა ტიტულის დაცვას მყარი ნაბიჯებით აგრძელებს.