იცით, რატომ არ იღებს კრიშტიანუ რონალდუ მონაწილეობას FIFA The Best-ის ჯილდოს ხმის მიცემაში?
როგორც წესი, გამარჯვებულს ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ ხოლმე. თუმცა, ბოლო წლებია ამ პროცესში პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ აღარ იღებს მონაწილეობას — 2022 წლის შემდეგ მის ნაცვლად ხმას ჯერ პეპე აძლევდა, შარშან კი ეს ბერნარდუ სილვამ გააკეთა.
თავად რონალდუს ოფიციალურად არასდროს არ უთქვამს, კონკრეტულად რატომ აღარ აძლევს ხმას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პროცესში. თუმცა ბოლო პერიოდში მას არაერთხელ გაუკრიტიკებია "ოქროს ბურთის" გადაცემის წესი და ხშირად უსვამს ხაზს, რომ ინდივიდუალურმა ჯილდოებმა ბოლო წლებში ფასი დაკარგა — უდიდესი ალბათობით, ამავე მიზეზით არ მონაწილეობს რონალდუ The Best-ის ხმის მიცემაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოქროს ბურთისგან სრულიად განსხვავებული ჯილდოა.
მაგალითად, ოქროს ბურთის გადამცემი ჟურნალის, France Football-ის მეთაურმა 2024 წელს აღიარა, რომ რონალდუ უკმაყოფილოა:
„ოქროს ბურთის ყველა წინა გამარჯვებულს აქვს უფლება ცერემონიას დაესწროს, თუმცა ყველა არ მოდის, ზოგი ჩვენზე განაწყენებულია.
კონკრეტულად კრიშტიანუს შემთხვევაში არ ვიცი, პირადად მასთან არ მილაპარაკია. თუმცა, ოქროს ბურთის გამარჯვებულები წლის საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდოზეც [კოპას სახელობის - ავტ] აძლევენ ხმას, რონალდუს კი არც ამ გამოკითხვაში მიუღია მონაწილეობა ორი წელია." - აღნიშნა ვინსენ გარსიამ პრესასთან საუბარში.
ფიფას მიერ ორგანიზებული ჯილდო The Best-ის დაჯილდოვების ცერემონია ხვალ, 16 დეკემბერს გაიმართება. შარშან მისი გამარჯვებული ვინისიუს ჯუნიორი გახდა.