ლა ლიგაში ბეტისისა და ბარსელონას დაპირისპირება დიდ სკანდალში გაეხვა.
ბენიტო ვილიამარინზე გამართულ შეხვედრაში მთავარმა არბიტრმა, რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეამ, ჯოვანი ლო ჩელსოს მიერ პირველ ტაიმში გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმა. მიზეზი კუჩო ერნანდესის ხელით თამაში გახდა, რომელიც გოლამდე 15 წამით ადრე დაფიქსირდა.
ამ გადაწყვეტილებას რადიო Cope-ს საარბიტრო ექსპერტის, პედრო მარტინის მხრიდან უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა. მან წესების ამგვარი ინტერპრეტაცია მკაცრად დაგმო და მომხდარს პირდაპირ ეთერში აბსურდი უწოდა.
„პრობლემა ისაა, რომ მსაჯი ხელით თამაშს იმავე შეტევის ნაწილად თვლის, რითაც გოლი გავიდა. ის, რაც ახლა მსგავს ეპიზოდებში ხდება, უკვე სასაცილოა. მართალია, ბურთი კუჩოს კონტროლქვეშ იყო, მაგრამ არ შეიძლება გოლამდე 15 წამით ადრე მომხდარი ეპიზოდის გამო ბურთი გააუქმო. ჩვენ ვერ მივიღებთ წესების ასეთ გამოყენებას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩვენს სასარგებლოდ ხდება თუ საწინააღმდეგოდ, რადგან ეს უბრალოდ აღარ არის ფეხბურთი,“ - განაცხადა მარტინმა.