არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელმა გოლკიპერმა უეფას სუპერთასის მატჩის წინა ღამეს, რომლის განაცხადშიც ის, სხვათაშორის, ვერ მოხვდა, ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
"განსაკუთრებულ პარიზელ გულშემატკივრებს,
მოსვლის პირველი დღიდან ყველაფერი გავიღე - მოედანზე და მის მიღმა - რათა ჩემი ადგილი დამემსახურებინა და პარი სენ-ჟერმენის კარი დამეცვა.
სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჯგუფის ნაწილი ვეღარ ვიქნები და გუნდის წარმატებაში მონაწილეობას ვეღარ მივიღებ. იმედგაცრუებული და გულნატკენი ვარ.
იმედია, შესაძლებლობა მექნება, პარკ დე პრენსზე გულშემატკივრებს თვალებში კიდევ ერთხელ ჩავხედო და დავემშვიდობო, როგორც საჭიროა. თუ ასე არ მოხდა, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის სამყაროს ნიშნავს და ამას არასდროს დავივიწყებ. ყოველთვის ჩემს მეხსიერებაში ვატარებ ყველა ემოციას, მაგიურ ღამეებს და თქვენ, რომლებმაც სახლში მაგრძნობინეთ თავი.
ჩემს გუნდელებს - ჩემს მეორე ოჯახს - მადლობა ყველა ბრძოლისთვის, სიცილისთვის და მომენტისთვის, რომელიც გავიზიარეთ. ყოველთვის ჩემი ძმები იქნებით.
ამ კლუბისთვის თამაში და ამ ქალაქში ცხოვრება უდიდესი პატივი იყო.
მადლობა, პარიზო."
მეკარე სახელებს არ ამბობს, მაგრამ აშკარაა: საუბარია ლუის ენრიკეზე. მან გადაწყვიტა, რომ დონარუმა აღარ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნით გაკეთება ესპანელი სუპერთასის მატჩის წინა პრესკონფერენციიდან შეიძლება: „ჯიჯიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ცალსახად. როგორც ადამიანი კიდევ უფრო კარგიც კია. თუმცა, ასეთია ტოპ-დონეზე მოთამაშე ფეხბურთელების ცხოვრება.
ამ რთულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი 100%-ით მე ვარ. ადვილი რომ იყოს, ამას ყველა გააკეთებდა. მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილებები იმას უკავშირდება, თუ როგორი მეკარე მჭირდება გუნდში. აშკარაა, რომ ყველას გვაქვს წვლილი იმ ყველა მიღწევაში, რასაც შარშან მივაღწიეთ. ფეხბურთელებს გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწია. ჩვენი არავის არ სჯეროდა. თუმცა, ამ სეზონში ჩვენს წინაშე კიდევ უფრო რთული ამოცანაა - დავამტკიცოთ, რომ გამარჯვების გზაზე დგომა კვლავაც შეგვიძლია."
როგორ მიდიოდა ყველაფერი დონარუმას წასვლისკენ? პსჟ მას რეზერვში გაშვებითაც კი ემუქრებოდა
ის, რომ იტალიელი სუპერთასის განაცხადში ვერ მოხვდა, უკვე მთავარი სიახლე აღარ არის. როგორც აღმოჩნდა, მის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სეზონის პირველ მატჩამდე იქნა მიღებული. RMC Sport-ის ცნობებით, პსჟ დონარუმას წასვლისკენ უბიძგებდა, ფაბრიციო რომანო კი ხაზს უსვამდა, რომ დონარუმა ნამდვილად არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, რომელიც 2026-ში ეწურება.
გასარკვევი მხოლოდ ის იყო, კლუბი მისი წასვლით ფულს იშოვიდა თუ ვერა, ანუ იტალიელი კლუბს წელსვე დატოვებდა, თუ მომავალ ზაფხულს, უფასოდ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დონარუმას გარემოცვა კლუბის ამ მიდგომას უსამართლოდ მიიჩნევდა. ორი წელია, პსჟ სოლიდური თანხის სანაცვლოდ მეკარეს ყიდულობს: გასულ ზაფხულს რუსი საფონოვი იყიდეს 20 მილიონად, წელს კი ლუკას შევალიე - 40+15 მილიონად. გარდა ამისა, კლუბს ჰყავს ესპანელი არნაუ ტენასი და 19 წლის რენატო მარინი, რომელიც რომადან ეს-ესაა გადმოვიდა.
დონარუმას კონტრაქტის სიტუაციაში კი კლუბი სპორტული კონსულტანტის, ლუიშ კამპუშის მეთოდებს გაჰყვა: მეკარეს შესთავაზეს ახალი ხელშეკრულება, სადაც ხელფასის ნახევარი ფიქსირებულია, მეორე ნახევარი კი ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე და სხვა საბონუსე სისტემაზე იყო დამოკიდებული. საბოლოოდ, მეორე ნახევარი შესაძლოა მესამედით შემცირებულიყო და მეკარეს იმაზე დაბალი ხელფასიც კი გამოსვლოდა, რასაც ის კლუბში ძველი კონტრაქტით იღებს. არცაა გასაკვირი, რომ დონარუმას ასეთი კონტრაქტი არ მოეწონა. ენრიკეს პოზიციისა და შევალიეს მოსვლით კი, ჯიჯიოსთვის ცხადი გახდა, რომ ის საკმაოდ ცოტას ითამაშებს, რის გამოც ბონუსები და შესაბამისად შემოსავალი დააკლდება.
The Times-ის ჟურნალისტი დანკან კასლსი ასეთ ინსაიდს აქვეყნებს: პსჟ მზად იყო დონარუმა სარეზერვო გუნდშიც კი გაეშვა, წასვლაზე უარი რომ ეთქვა. ახლა ყველაფერი გადაწყვეტილია: ჯიჯიომ სასჯელის დალოდება არ მოისურვა და წასვლა გადაწყვიტა. მეკარის აგენტმა ენცო რაიოლამ დეტალურად ისაუბრა, როგორ მოხდა ყველაფერი ფეხბურთელის მხრიდან:
„ბიჭი მომხდარის გამო ძალიან გულდაწყვეტილია. ბოლო 10 დღეს უკანასკნელი 4 წლის გადაშლა შეუძლია. გაოცებული ვარ ამ უპატივცემლობით. ამდენი ხნის მანძილზე აშენებული სასახლე ჩამოინგრა.
პსჟ განსხვავებულ შემოთავაზებებს გვიკეთებდა. ხელფასის შემცირებას დავთანხმდით, რადგან დონარუმას დარჩენა უნდოდა, მაგრამ შემდეგ კლუბმა გადაიფიქრა და მაშინ მოლაპარაკებები დროებით შევაჩერეთ. ვაპირებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაგვეგრძელებინა. მოლაპარაკებები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყების წინ გაგრძელდა, როცა კლუბმა თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილი კვლავ დაგვიდასტურა.
ბოლო 10 დღეში მომხდარი კი სრული მოულოდნელობა გახდა. უცნაურია, რომ მწვრთნელმა მეკარეზე მოსაზრება 1 თვეში შეიცვალა. სწორედ ეს მანაღვლიანებს ყველაზე მეტად და მაფიქრებინებს,, რომ შესაძლოა, უკეთესიც იყოს, თუ კონტრაქტი არ გახანგრძლივდება.
შესაძლოა, მხოლოდ პრემიერ ლიგის კლუბებმა შეძლონ პსჟ-ს გადამეტებული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ისინი საუბრობენ პატივისცემაზე, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის პატივისცემა - მხოლოდ ფულშია. საუბარი იმაზე არ არის, რომ ეს კლუბი დავტოვოთ და ჯიჯიოსთვის საუკეთესო ვარიანტი მოვიძიოთ. იმიჯის თვალსაზრისით, გვჭირდება რომ დავიკავოთ სწორი პოზიცია და ვიცოდეთ, როგორი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ კლუბთან."
სად წავა ჯიჯიო? სავარაუდოა მან სიტი
დონარუმამ პსჟ-ში 4 სეზონში 161 მატჩი ჩაატარა, რითაც კლუბის ისტორიაში მეკარეებს შორის მე-6 ადგილზეა. ამ პერიოდში მას ათი ტიტული დაუგროვდა: 9 შიდა და ჩემპიონთა ლიგა, ულამაზესი დასასრულია. კარიერაში იტალიელს თითქმის 500 მატჩი აქვს ჩატარებული: 412 საკლუბო დონეზე და 74 იტალიის ნაკრებში. სულ რაღაც 26 წლისთვის, ძალიან შთამბეჭდავი ციფრებია, წინ კიდევ დიდი თავგადასავალია. საკითხავი მხოლოდ ის არის, რომელ კლუბში მოუწევს ეს თავგადასავალი.
საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დონარუმას წასვლაზე საუბარმა იმატა, იწერებოდა მანჩესტერზე, ჩელსისა და გალათასარაიზე. ჟურნალისტმა საშა ტავოლიერიმ კი ივლისის ბოლოს დაწერა, რომ პსჟ დონარუმას წასვლისთვის მზადაა და არ აპირებს მეკარესთვის გზის გადაღობვას რომელიმე კლუბისაკენ მიმავალ გზაზე.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ დონარუმათი მან სიტი ინტერესდება, სადაც ედერსონის წასვლისთვის ემზადებიან. ბრაზილიელი სავარაუდოდ თურქეთის ჩემპიონატში ითამაშებს. იწერება, რომ პეპ გვარდიოლასთან პირადმა საუბარმა იტალიელი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სწორედ ეტიჰადზეა საჭირო გადასვლა.
გამომდინარე იქიდან, რომ მეკარემ პსჟ-დან წასვლის შესახებ გამოაცხადა, ესეიგი შესაფერისი ვარიანტი უკვე მონახა, ტრანსფერის პირობები კი სიტყვიერად შეთანხმდა - თავისუფალი აგენტი დონარუმა ერთ წელში ხდება, ამიტომ ვარიანტი ნანახი რომ არ ჰქონდეს, ასე ღიად ვერ იტყოდა, რომ მიდის. ხოლა რაიოლას სიტყვები, რომ სავარაუდო ვარიანტი პრემიერ ლიგაა - შესაძლოა მინიშნებაც კია.
ნიკა შაქარაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები