პარი სენ-ჟერმენი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია.
ტოტენჰემთან მატჩი ძალიან დრამატული და საინტერესო გამოდგა, სადაც პსჟ-ს ორჯერ მოუწია თამაშში დაბრუნება - ჯერ თამაშში, შემდეგ კი პენალტების სერიაში.
ვან დე ვენის და კუტი რომეროს გოლებით სპურსი 85-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, თუმცა პარიზელებმა კან ინ ლის და გონსალო რამოშის გოლებით მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე შეძლეს.
სუპერთასის ფორმატის გამო, დამატებითი დროის ნაცვლად პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ტოტენჰემმა თავისი პირველი დარტყმა გაიტანა, პსჟ-ს მხრიდან კი ვიტინიამ ბურთი კარის ჩარშოშიც ვერ მოარტყა და მატჩის მსგავსად, აქაც ტოტენჰემი დაწინაურდა.
თუმცა, პარიზელებმა ყველა შემდეგი დარტყმის გატანა შეძლეს, ლონდონელებმა კი ორი დარტყმა გააფუჭეს - ძირითად დროში გოლის ავტორ ვან დე ვანს პარიზელთა ახალწვეულმა ლუკას შევალიემ აუღო, მატის ტელმა კი ვიტინიას მსგავსად კარის ჩარშოს ააცილა ბურთი.
გადამწყვეტი გოლი ნუნუ მენდეშმა გაიტანა და პსჟ ისტორიაში პირველად გახდა ევროპის სუპერთასის გამარჯვებული.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თითქმის მთელი დრო შეტევის მარჯვენა ფრთაზე გაატარა. ლუის ენრიკემ ის მოედნიდან მე-60 წუთზე გაიყვანა, როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა.
საბოლოოდ, ხვიჩასთვისაც და პსჟ-სთვისაც ყველაფერი კარგად დასრულდა და პარიზულმა კლუბმა მორიგი ტიტული მოიგო.
VIDEO: პსჟ - ტოტენჰემი [პენალტების სერია სრულად]