ბარსელონაში ესპანელი ნახევარმცველის, როდრის ტრანსფერს სოციალურ ქსელებში კურიოზი მოჰყვა.
ამერიკელი მომღერალი ოლივია როდრიგო უნებლიეთ ინტერნეტის მთავარი თემა გახდა, მას შემდეგ, რაც ბარსელონას ფანებმა მისი ინსტაგრამის პოსტები მისალოცი კომენტარებით აავსეს და გუნდში გადასვლა მიულოცეს.
რატომ მაინცდამაინც ოლივია?
ამ ყველაფრის მიზეზი საკმაოდ მარტივი და სასაცილოა, როდრის სოციალური ქსელები არ აქვს. ფეხბურთელმა ჯერ კიდევ წლების წინ გადაწყვიტა, რომ ინსტაგრამსა თუ სხვა პლატფორმებზე არ დარეგისტრირდებოდა:
ეს გადაწყვეტილება ძალიან ახალგაზრდამ მივიღე, თუმცა იმ დროს ჩემს ასაკში იშვიათი იყო გქონოდა იმდენი პიროვნული სიმტკიცე, რომ სოციალურ ქსელებზე უარი გეთქვა
ალტერნატივის ძიებაში კი ფანებმა იუმორის გრძნობა გამოიჩინეს და სახელების მსგავსების გამო პოპ-ვარსკვლავს მიაკითხეს. საინტერესოა, რომ ოლივიას ბარსელონასთან კავშირი მართლაც აქვს. 2026 წლის მაისში ელ კლასიკოზე კლუბის მაისურზე Spotify-ის ლოგო სწორედ მისი სახელით ჩანაცვლდა, რითაც ის ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, ვისაც ეს პატივი ერგო.
მსგავსი შემთხვევა წარსულში
მსგავსი კურიოზი როდრისთან დაკავშირებით წარსულშიც მომხდარა. როდესაც ესპანელმა ოქროს ბურთი მოიგო, მადრიდის რეალისა და ვინისიუსის გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა სალანძღავი კომენტარები არგენტინელი ფეხბურთელის, როდრიგო დე პოლის გვერდზე დატოვეს, რადგან თავად როდრის ოფიციალური ექაუნთი ვერსად იპოვეს.
სანამ როდრი ბარსელონაში თავის ახალ, ვარსკვლავურ ეტაპს იწყებს, ოლივია როდრიგოს კიდევ ერთხელ უწევს საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ყოფნა.