ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეა ორლანდიმ, პოდკასტში სტუმრობისას რონალდინიოსა და ახალგაზრდა ლიონელ მესის ურთიერთობის შესახებ უცნობი და სახალისო დეტალები გაამჟღავნა.
აღმოჩნდა, რომ სანამ მესი მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალს დაიპყრობდა, გასახდელში რონალდინიოსთვის ყავის მომზადება ევალებოდა.
ორლანდის თქმით, ეს არ ყოფილა დამამცირებელი რიტუალი, არამედ ბრაზილიელი ჯადოქრის თავისებური მეთოდი გახლდათ, რათა ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდი მიწაზე დაეშვა და ვარსკვლავური სენი არ შეჰყროდა:
რონალდინიო მესის ყავის მომზადებას სთხოვდა და ხუმრობით ეუბნებოდა: 'აბა, რამდენი მსოფლიო ჩემპიონატი გაქვს ნათამაშები, ახალბედავ?' ლეოც უსიტყვოდ უმზადებდა ყავას! ეს იყო რონის ხერხი, რომ მესი მასთან ახლოს ყოფილიყო, სითბო ეგრძნო და თან სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თითქოს ეუბნებოდა - 'შენ ჯერ რონალდინიო არ ხარ
მიუხედავად ასეთი ხუმრობებისა, 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი საჯაროდაც და გასახდელშიც ყოველთვის აღიარებდა, რომ მის გვერდით მომავალი გენიოსი იზრდებოდა:
„რონალდინიო მესის ხშირად ეუბნებოდა: 'ჯანდაბას, შენ ისეთ დონეზე ხარ, რომ ერთ დღეს ჩემს მაგიდასთან დაჯდები'. საბოლოო ჯამში, გენიოსებმა ერთმანეთი მაშინვე იცნეს. რონალდინიო ყველას აჩვენებდა - 'ეს ჩემი ბიჭია და მან საქმე იცის'.“