• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რაულის ხელახალი დაბადება
ფეხბურთიფეხბურთი

რაულის ხელახალი დაბადება

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

… რაულ გონსალეს ბლანკო „ალ-სადში“ 2012 წლის ზაფხულში გადავიდა და „შალკესთან“ განშორებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ყატარულ კლუბთან ერთად „არენა აუფშალკეზე“ დაბრუნდა. ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა სტადიონი მაინც ბოლომდე გაივსო, ათასობით სხვა გელზენკირხენელი გულშემატკივარი კი სტადიონის გარეთ შეიკრიბა, რათა მატჩისთვის სპეციალურად დადგმულ დიდ ეკრანებზე ედევნებინა თვალი…


ეს ამბავი კიდევ უფრო გასაოცარია იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელმა ვარსკვლავმა, რომელსაც „შალკე 04“-თან კონტრაქტის გაფორმებისას მეტწილად ჩამოწერილი ფეხბურთელის იმიჯი ჰქონდა, ყატარში გადაბარგებამდე გერმანიაში სულ რაღაც ორი სეზონი ჩაატარა, თუმცა რურულ კლუბში საკულტო სტატუსის მოპოვება ასეთ მოკლე დროში მაინც შეძლო.


მადრიდის „რეალში“ რაული ცოცხალი ლეგენდა იყო, მაგრამ 33 წლის შესრულდა და და „ბლანკოსის“ ახალ თავკაც ჟოზე მოურინიოსაც იგი აღარ სჭირდებოდა — პორტუგალიელმა მადრიდული გრანდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს მკაფიოდ აგრძნობინა, რომ ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებდა.


ისიც სათქმელია, რომ 2009-10 წლების სეზონს ფორვარდისთვის წარმატებული არ ეთქმოდა: იგი ფორმის შენარჩუნებასა და ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებულ სირთულეებს ებრძოდა, რის გამოც, სანამ ტრავმის გამო სეზონს ნაადრევად დაასრულებდა, ძირითადად, შეცვლაზე თამაშობდა. რაულმა უკანასკნელ მადრიდულ სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო, „სამეფო კლუბში“ კი უკვე თამაშობდნენ კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი —რაული სტატისტიკით სამივე თანაგუნდელს ჩამორჩა.


16 გატარებული წლის შემდეგ მადრიდის დატოვების იდეა რაულისთვის ადვილი მოსანელებელი ნამდვილად არ ყოფილა, ესპანელი სუპერფორვარდი ხომ 17 წლის ასაკიდან „სამეფო კლუბის“ პირველ გუნდში ირიცხებოდა. ამ ხნის განმავლობაში კი მან თითქმის ყველა არსებული რეკორდი მოხსნა და კლუბის კაპიტანიც გახდა. მადრიდი მისი ცხოვრების ნაწილი იყო, და პირიქით.


როგორც ფლორენტინო პერესს აქვს ნათქვამი, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც „რეალის“ ისტორიის განუყოფელია, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც კლუბის სახედაა არჩეული, რაული კი სწორედ ასეთიაო…


რაული გარკვეულწილად, დაღლილიც იყო „მადრიდიზმის“ სიმბოლოობით, რაც მასზე პროფესიულადაც და პირადულადაც მოქმედებდა, თანაც კაპიტნის სამკლავურის ტვირთმა და მასთან დაკავშირებულმა პასუხისმგებლობებმაც გამოფიტა. რაულს ფეხბურთის თამაში აღარ ახარებდა. ის უკვე აღარ იყო ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი, ახალ მწვრთნელთან ერთადერთხელ საუბრისას კი თავადაც მივიდა იმ წერტილამდე, რომ მადრიდიდან უნდა გაეღწია, მაგრამ როგორც თავად იხსენებს, არ იცოდა სად.


სამუშაო მაგიდაზე უამრავი სარფიანი შემოთავაზება დაიდო, მათ შორის იყო რუსული კლუბისგანაც (სახელი დღემდე არ ხმაურდება), რომელმაც ვეტერან თავდამსხმელს თავად სთხოვდა, დაესახელებინა სასურველი ჰონორარი. მიუხედავად ამისა, რაულს წამყვან ჩემპიონატებში უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელება სურდა და საბოლოო არჩევანი პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგას შორის გაკეთდა.


რაულს უკვე ჰქონდა ნანახი ყოფილი თანაგუნდელის, ფერნანდო მორიენტესის „ლივერპულში“ თამაში და „ენფილდ როუდის“ გამორჩეული ატმოსფეროც მოსწონდა, თუმცა მერსისაიდელთა ნაცვლად მისი შეძენით სერიოზულად დაინტერესდა „მანჩესტერ იუნაიტედი“.


„როგორც წესი, უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებას ვანიჭებთ, მაგრამ როდესაც ასეთი გამოცდილი მოთამაშის გადაბირების შანსი გეძლევა, აუცილებლად უნდა სცადო. გარკვეული ფეხბურთელებისთვის გამონაკლისების დაშვება შეიძლება, რადგან გამოცდილება უძვირფასესია. ზუსტად ასე ვფიქრობდით მაიკლ ოუენის დამატებისას, რომელიც ჩვენთვის შესანიშნავი პროფესიონალი გამოდგა. რაულის მოყვანა ჰენრიკ ლარსონის იმ ხანმოკლე პერიოდით გადმოყვანის მსგავსი იქნებოდა, რამდენიმე წლის წინ რომ მოვახერხეთ. ცხადი იყო, რომ მისი დრო მადრიდში ამოწურულიყო, მაგრამ ის ნამდვილად არ იყო იმდენად ასაკოვანი, რომ შედეგიანი ვერ გამხდარიყო. შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მის აგენტს ვესაუბრეთ, თუმცა მაშინ უკვე გვყავდა ხავიერ ერნანდესი, უეინ რუნი, დიმიტარ ბერბატოვი და მაიკლ ოუენი. ვთვლიდით, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვების უფლება არ გვქონდა, მაგრამ იმ მომენტში მაიკლი უკვე ჩვენთან იყო და რომ არ გვყოლოდა, შესაძლოა, მართლაც მეყიდა იგი“, — აღიარა მოგვიანებით სერ ალექს ფერგიუსონმა.


ინგლისური ფეხბურთის სიმძაფრის გამოცდას რაულს „ტოტენჰემი“ და „ნიუკასლიც“ სთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთელი გერმანიამ მიიზიდა არამხოლოდ გულშემატკივრების გამო, არამედ როგორც თავად აცხადებდა, მას ასევე აჯადოებდა იმ დროისთვის ბუნდესლიგის გაწონასწორებულობა.


საბოლოოდ, გადამწყვეტი ფაქტორი „შალკე 04“-ის მხრიდან აქტიურობა აღმოჩნდა, რაულისთვის კი მთავარი სწორედ ეს იყო. მადრიდელთა მხრიდან ჩამოწერის შემდეგ, მას სურდა საფეხბურთო პროექტის ცენტრში ყოფილიყო, ვესტფალიური კლუბი კი ამაზე სიამოვნებით დათანხმდა.


„ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენი კლუბისთვის. მოხარული ვარ, რომ შევძელით ასეთი გამორჩეული ფეხბურთელისა და მსოფლიო დონის ფორვარდის ბუნდესლიგასა და შალკეში გადმოსვლაზე დაყოლიება. რაულის თვისებები წინსვლაში დაგვეხმარება. მისი ხელმოწერა გადამწყვეტი ნაბიჯია სამომავლო ამოცანებისთვის ჩვენი შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. მოუთმენლად ველი ასეთ სიმპათიურ პროფესიონალთან მუშაობას“, — განუცხადა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა კლუბის ვებსაიტს რაულის ტრანსფერთან დაკავშირებით. 



რაული იმაზე მეტად „სიმპათიური პროფესიონალი“ აღმოჩნდა, ვიდრე გუნდის  ქომაგებს წარმოედგინათ. იგი ხომ გლობალური დონის იყო, ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და მიუხედავად ამისა, წარმოუდგენლად თავმდაბალი.


რაული კვლავაც შრომისმოყვარე გახლდათ და კვლავინდებურად მშვენივრად გაჰქონდა გოლები. მართალია, აღარ ჰქონდა ის სისხარტე, რომლითაც თინეიჯერობისას ქარიშხალივით მოქმედებდა მეტოქეთა საჯარიმოში, სამაგიეროდ, გონება ძველებურად სწრაფი ჰქონდა და გააზრებული მოძრაობებით ძველებურად უქმნიდა თავისუფალ სივრცეებს როგორც საკუთარ თავს, ისე პარტნიორებს. როგორც მისმა თანაგუნდელმა ედუმ თქვა, რაული იყო ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის შემოტრიალება ნებისმიერ დროს შეეძლო. 



გერმანიაში სადებიუტო სეზონი მძიმედ, ჩემპიონატის საწყის ოთხ მატჩში წაგებებით დაიწყო, მაგრამ შობამდე რაულმა ორჯერ შეძლო ბუნდესლიგაში ჰეთ-თრიქის შესრულება. გერმანიის პირველობაზე ყველაფერი ცუდად მიდიოდა და 16 მარტს ფელიქს მაგათი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად „შალკე“ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობდა.



მაგათის მემკვიდრე რალფ რანგნიკმა დიდად ვერაფერი შეცვალა, რადგან გუნდმა ბუნდესლიგა საბოლოოდ მე-14 ადგილზე დაასრულა, თუმცა ეს ნაწილობრივ იმითაც იყო განპირობებული, რომ სეზონის გადამწყვეტ ფაზაში კლუბმა მთელი ყურადღება სათასო ტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე გადაიტანა.


უპრესტიჟულეს საკლუბო ევროტურნირის ჯგუფში, სადაც „ლიონი“ და „ბენფიკაც“ იყვნენ, „შალკემ“ პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა „ვალენსია“, რომელსაც რაულმა სტუმრად გამართულ პირველ შეხვედრაში გამათანაბრებელი გოლი გაუტანა, მეოთხედფინალში კი საუკეთესო თამაში აჩვენა და ლეონარდოს გაწვრთნილ მილანის „ინტერს“ ორივე შეხვედრაში სძლია — ჯამურად გატანილი 7 გოლიდან 2 რაულის ანგარიშზე იყო, რომელმაც თითო მატჩში თითოჯერ დაამწუხრა გოლკიპერი ჟულიო სეზარი.




გელზენკირხენელთა ისტორიული სვლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეაჩერა, მაგრამ მიუხედავად გულისტკენისა, გერმანიის თასის ნახევარფინალში „ბაიერნთან“რაულის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, „შალკესთვის“ სეზონის უკანასკნელ მატჩი გერმანიის თასის ფინალი დარჩა.


ვეტერანმა ფორვარდმა ბერლინში გამართულ „პოკალის“ გადამწყვეტ მატჩში „დუისბურგის“ განადგურება (5:0) გერმანიაში გატარებული ორწლიანი პერიოდის მწვერვალად მიიჩნია, თუმცა რაულისთვის კლუბისა და გულშემატკივრების მხრიდან გამოხატული სითბო, მადლიერება და დაფასება ნებისმიერ ტიტულზე მეტი იყო.



სადებიუტო გერმანულ სეზონში გატანილი 19 გოლით რაულ გონსალეს ბლანკო კლუბის საუკეთესო მეგოლე გახდა.


მომდევნო სეზონის სტარტზე რაულმა „შალკეს“ მაისურით მეორე გერმანული ტიტული გაიფორმა, როდესაც უმანუელნოიეროდ დარჩენილმა ვესტფალიელებმა გერმანიის სუპერთასზე გამართულ რურის დერბიში ბუნდესლიგის ჩემპიონი, იურგენ კლოპის დამოძღვრილი „ბორუსია“ პენალტებში დაამარცხეს.


2011-12 წლების ბუნდესლიგა „შალკემ“ საპატიო მე-3 ადგილზე დაასრულა, პარალელურად კი ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალამდე შეძლო გასვლა. რაულმა ამჯერად ყველა ტურნირზე გამართულ 47 მატჩში 21 გოლი მიითვალა.



მადრიდული გრანდის ცოცხალი ლეგენდა მოკრძალებულ გელზენკირხენში მართლაც ხელახლა დაიბადა. „შალკე 04“-მა რაულს არამხოლოდ რთულ პერიოდში გაუწოდა მეგობრული ხელი, არამედ ნდობა და დაფასებაც არ დააკლო ვეტერან ფორვარდს. დაუვიწყარმა ორმა გერმანულმა წელმა კი გამორჩეულ ევროპელ გოლეადორს სახეზე ღიმილი დაუბრუნა, რომელსაც მადრიდული ინჩადის გარდა უკვე რურის პატარა რეგიონშიც ეტრფოდნენ.


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

გერმანია
რაული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ისტორიული მომენტი სანტიაგო ბერნაბეუზე! - მბაპემ ინტერის კარში გაიტანა და ტოპ 5-ში შევიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული მომენტი სანტიაგო ბერნაბეუზე! - მბაპემ ინტერის კარში გაიტანა და ტოპ 5-ში შევიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ იქნება გერმანიის პირველი მეკარე? - კლოპმა გადაწყვეტილება მიიღო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ იქნება გერმანიის პირველი მეკარე? - კლოპმა გადაწყვეტილება მიიღო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპის ექსპერიმენტი - გერმანიის ორი შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპის ექსპერიმენტი - გერმანიის ორი შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

44 ფეხბურთელი - იურგენ კლოპის პირველი განაცხადი გერმანიის ნაკრებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

44 ფეხბურთელი - იურგენ კლოპის პირველი განაცხადი გერმანიის ნაკრებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 სექ, 2026

ისტორიული მომენტი სანტიაგო ბერნაბეუზე! - მბაპემ ინტერის კარში გაიტანა და ტოპ 5-ში შევიდა

News image

15 სექ, 2026

ვინ იქნება გერმანიის პირველი მეკარე? - კლოპმა გადაწყვეტილება მიიღო

News image

17 სექ, 2026

კლოპის ექსპერიმენტი - გერმანიის ორი შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

News image

17 სექ, 2026

44 ფეხბურთელი - იურგენ კლოპის პირველი განაცხადი გერმანიის ნაკრებში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება