ანტუან გრიზმანმა გადაწყვიტა, რომ სეზონის შუაში ატლეტიკო მადრიდი არ დატოვოს, იტყობინება L’Équipe.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ფორვარდი ორლანდო სიტისთან უახლოეს პერიოდში ტრანსფერს განიხილავდა და მხარეებმა თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტუანმა MLS-ის კლუბთან მოლაპარაკებები მას შემდეგ შეაჩერა, რაც ატლეტიკო ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. ჩრდილოამერიკულ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 26 მარტს იხურება.
მიუხედავად კონკრეტული შეთავაზებებისა და ორლანდო სიტისთან ღია მოლაპარაკებებისა, ფრანგმა სეზონის შუაში წასვლა არ ისურვა, თუმცა მას ყოველთვის ჰქონდა MLS-ში თამაშის სურვილი.
ანტუანის კონტრაქტი მადრიდელებთან 2027 წლამდე მოქმედებს, თუმცა საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მან შესაძლოა ამ ზაფხულს მიიღოს. ორლანდო სიტის კვლავ აქვს მოთამაშის გაფორმების პრიორიტეტული უფლება, მაგრამ სხვა კლუბებმაც დაამატეს ის თავიანთ პოტენციური შენაძენების სიაში. მათ შორის არიან ინტერ მაიამი და მონრეალი.
დიალოგი ასევე არ შეწყვეტილა ლოს-ანჯელესთან, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შეძენით.