ატლეტიკო მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი შეაჯამა.
მიუხედავად ბარსელონასთან მარცხისა (0:3), მადრიდულმა კლუბმა პირველ შეხვედრაში დაგროვილი უპირატესობის (4:0) წყალობით ფინალში გასვლა მაინც მოახერხა.
„აქამდე ორ ნახევარფინალში დავმარცხდით, დღეს კი გვყავდა წარმოუდგენელი მეტოქე, რომელიც უკიდურესად ინტენსიურად თამაშობს. ბარსელონა ბურთს ჩვენზე უკეთ ფლობდა, სამივე გოლი სწორედ ასე გაიტანეს.
ვიცოდით, რომ მძიმე და ხანგრძლივი მატჩი იქნებოდა. გავაკეთეთ ის, რაც გვსურდა და კმაყოფილები ვართ. როდესაც ბარსელონასნაირი გუნდების წინააღმდეგ თამაშობ, ხვდები, რომ სირთულეები გექნება.
შეტევა გვიჭირდა, რადგან ისინი ძალიან გვაწვებოდნენ. იმ იშვიათ მომენტებში, როცა წინ წავედით, პრობლემები შევუქმენით, თუმცა ველოდით, რომ ასეთი შანსი მეტი გვექნებოდა“, — განაცხადა სიმეონემ.