მადრიდის რეალი ხვალ არგენტინელ ვუნდერკინდს, ფრანკო მასტანტუონოს წარადგენს.
ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს რივერ პლეიტიდან 45 მილიონ ევროდ შეუერთდა.
Marca-ს ინფორმაციით, რეალი მასტანტუონოს დროებით კლუბის მეორე გუნდის, კასტილიას ფეხბურთელად დაარეგისტრირებს.
საქმე ისაა, რომ ამჟამად რეალში მხოლოდ ერთი ადგილია თავისუფალი - პირველი გუნდის ყველა ნომერი 25-ს გარდა დაკავებულია. წესით, ეს ბოლო ადგილი მასტანტუონოს უნდა დაეკავებინა.
თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა თავისუფალ ადგილს სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსთვის იტოვებს, ვინმეს შეძენის შემთხვევაში ადგილი რომ ჰქონდეს ფეხბურთელის განაცხადში ჩასამატებლად.
სავარაუდოდ, თუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კლუბი არავის დაიმატებს, მასტანტუონო შემდეგ ოფიციალურად აიღებს 25 ნომერს და პირველი გუნდის ფეხბურთელიც გახდება.