ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში მადრიდის რეალმა ბილბაოსთან მატჩში ორი ფეხბურთელი გააცილა.
სამეფო კლუბის მაისურით კარიერის ბოლო მატჩები ჩაატარეს დანი კარვახალმა და დავიდ ალაბამ.
ორივე ფეხბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ალაბამ 70-ზე ჰაუსენს დაუთმო ადგილი და მოედანი პუბლიკის ოვაციის თანხლებით დატოვა, კარვახალი კი 84-ზე გაიყვანეს და ესპანელმა ვეტერანმა გასვლისას ცრემლები ვერ შეიკავა.
ალაბასაც და კარვახალსაც კონტრაქტი ამოეწურათ და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს.
ავსტრიელი რეალს 2021 წელს ბაიერნიდან უფასოდ შეუერთდა, კარვახალი კი ბავშვობიდან რეალის აკადემიაში იზრდებოდა და თითქმის მთელი კარიერა სამეფო კლუბში აქვს გატარებული - 2012/13 სეზონს თუ არ ჩავთვლით, როცა მადრიდელებმა ის ლევერკუზენში გაყიდეს, შემდეგ წელს კი უკან დაიბრუნეს და მრავალი წლით ჩააბარეს დაცვის მარჯვენა ფლანგი.
ალაბამ რეალთან ერთად 11 ტიტულის მოგება მოახერხა, კარვახალმა კი - 27-ის.