მადრიდის რეალმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონი სანტიაგო ბერნაბეუზე დაამთავრა, სადაც ატლეტიკ ბილბაოს უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება (4-2) მოიპოვა. მასპინძლები შეხვედრას პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდნენ, რაც ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელშიც (74%) გამოიხატა.
სამეფო კლუბი მე-12 წუთზევე დაწინაურდა. დანი კარვახალის საგოლე გადაცემით გონსალო გარსიამ გაიტანა. 41-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა ტიაგოს ასისტით უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ბასკებმა გორკა გურუზეტას გოლით სხვაობის შემცირება მოახერხეს.
მეორე ტაიმის სტარტზე, 51-ე წუთზე, კილიან მბაპემ ალვარო კარერასის პასით რეალის ორბურთიანი ჰანდიკაპი აღადგინა. ეს ფრანგი ვარსკვლავისთვის მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი 25-ე გოლი აღმოჩნდა.
მატჩის მიწურულს გუნდებმა გულშემატკივარს კიდევ ორი გოლი აჩუქეს. 88-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა მადრიდელთა მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში ურკო იზეტამ ატლეტიკ ბილბაოს მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიში, 4-2 დააფიქსირა.
გარდა საგოლე შოუსი, ეს მატჩი მადრიდელთათვის ემოციურიც გამოდგა. შეხვედრა საბოლოო აღმოჩნდა კლუბის ლეგენდარული მცველისთვის, დანი კარვახალისთვის, რომელმაც რეალის მაისურით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და გუნდს საგოლე გადაცემით დაემშვიდობა. კლუბს ასევე დაემშვიდობა დავიდ ალაბაც.
რეალი ორ ვეტერანს დაემშვიდობა