რეალი ლა ლიგის ახალ სეზონში თავის პირველ შეხვედრას დღეს, ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს (პირველ ტურში რეალ სოსიედადთან მატჩი გადაიდო).
მადრიდელთა ბრაზილიელი ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი კატალონიურ კლუბთან დაპირისპირებას თავდაჯერებული ხვდება, რადგან ესპანიოლი მისი ერთ-ერთი „საყვარელი მსხვერპლია“.
შესანიშნავი სტატისტიკა ესპანიოლთან
Opta-ს სტატისტიკის თანახმად, ვინისიუსს ესპანიოლის წინააღმდეგ ლა ლიგის 11 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. აქედან 3 მან სწორედ კატალონიელთა სტადიონზე, RCDE Stadium-ზე (სადაც დღევანდელი თამაში იმართება) გაიტანა. ლა ლიგაში გასვლით მატჩებში ბრაზილიელს ყველაზე მეტი გოლი სწორედ ესპანიოლისთვის აქვს გატანილი (ასევე 3-3 გოლი აქვს გატანილი სხვა სამ სტადიონზეც).
თავის მხრივ, კარგ ფორმაშია ესპანიოლის ფორვარდი რობერტო ფერნანდესიც, რომელმაც ლა ლიგის ბოლო ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
დაუმარცხებელი მოურინიო
ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს ჟოზე მოურინიოსაც. მადრიდის რეალში პირველი მოღვაწეობის პერიოდში, მას ესპანიოლის წინააღმდეგ ლა ლიგაში არცერთი მატჩი არ წაუგია (6 მატჩი: 4 მოგება, 2 ფრე).
ამის საპირისპიროდ, ესპანიოლის მთავარ მწვრთნელ, მანოლო გონსალესს რეალთან უარყოფითი ბალანსი აქვს, 4 მატჩში 3 წაგება და მხოლოდ 1 მოგება. მასზე მეტჯერ ესპანელ სპეციალისტს მხოლოდ ბარსელონასთან და ვილიარეალთან აქვს წაგებული (4-4 მარცხი).