მადრიდის რეალში ფეხბურთელების სათამაშო ფორმით უკმაყოფილონი არიან.
14 იანვარს რეალი ლა ლიგა 2-ის აუთსაიდერ ალბასეტესთან 2:3 დამარცხდა და კოპა დელ რეის 1/8 ფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა. ეს შეხვედრა „სამეფო კლუბისთვის“ პირველი იყო ჩაბი ალონსოს წასვლის და ალვარო არბელოას დანიშვნის შემდეგ.
ჟურნალისტ არანჩა როდრიგესის ინფორმაციით, რეალში მიაჩნდათ, რომ გუნდს „მიმართულების შეცვლა“ სჭირდებოდა და სწორედ ამ მიზეზით მიიღეს ალონსოს გაშვების გადაწყვეტილება. არბელოას მუშაობას მომდევნო მატჩების მიხედვით შეაფასებენ, რადგან ალბასეტესთან შეხვედრამდე მან გუნდთან მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა.
ამასთან, კლუბში თვლიან, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა საკუთარ დონეს ვერ აჩვენებს. გამონაკლისებად მხოლოდ მეკარე ტიბო კურტუა და თავდამსხმელი კილიან მბაპე სახელდებიან. რეალში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ შედეგებიც გაუმჯობესდება.
მადრიდულ კლუბში ასევე სჯერათ, რომ გუნდი შეძლებს ბრძოლას როგორც ლა ლიგის, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის.