მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ შეხვედრაში რეალმა იუვენტუსი დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩი მაიამიში გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი რეალის ახალგაზრდა ფორვარდმა, გონსალო გარსიამ მატჩის 54-ე წუთზე, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა.
მთლიანობაში თამაში ჩაბი ალონსოს გუნდის დომინირებით წარიმართა და იუვენტუსის გოლკიპერმა გუნდი რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა - გარკვეული საგოლე შანსები ტურინელებმა პირველი ტაიმის საწყის წუთებში მიიღეს, შემდეგ კი რეალი უპირატესობას დაეუფლა და მინიმალური ანგარიშის მიუხედავად, გამარჯვება საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფედე ვალვერდე დასახელდა.
რეალი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც დორტმუნდის ბორუსიასა და მექსიკურ მონტერეის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.