მადრიდის რეალი აცხადებს, რომ ე.წ. „ნეგრეირას საქმესთან“ დაკავშირებით UEFA-ს სადისციპლინო ორგანოებს ოფიციალური წერილით მიმართა.
,,დოკუმენტში კლუბმა UEFA-ს აცნობა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების არსებობის შესახებ, რომლებიც საბოლოოდ ამყარებს თავიდანვე ცნობილ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბარსელონა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა გაუმჭვირვალე გადახდებს, რომელთაც არ გააჩნდა არანაირი გადამოწმებადი გამართლება.
აღნიშნული თანხები სხვადასხვა კორპორაციული სტრუქტურის მეშვეობით გადაეცემოდა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას.
რეალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სპორტული დისციპლინური სამართლის თვალსაზრისით, ეს ფაქტები შეჯიბრებების მთლიანობისთვის უკიდურესად სერიოზულ სისტემურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ისინი მიუთითებს მსაჯთა კორპუსზე არასათანადო გავლენის სტრუქტურის არსებობაზე, რაც შეუთავსებელია კონკურენტული თანასწორობის, ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობისა და სპორტული შედეგის არაპროგნოზირებადობის ფუნდამენტურ პრინციპებთან.
ამ კონტექსტში, მადრიდულმა კლუბმა UEFA-ს მოუწოდა დაუყოვნებლივ განაახლოს მის მიერ ადრე დაწყებული სადისციპლინო პროცედურები.
კლუბის შეფასებით, მიუღებელია, რომ ეს ვითარება ამდენ ხანს გრძელდება, რადგან მისი გაგრძელება სერიოზულად აზიანებს ფეხბურთის, მისი ინსტიტუტებისა და ხელმძღვანელი პირების სანდოობას.
შესაბამისად, საჭიროა სპორტულ დონეზე მკაცრი, სამაგალითო და დაუყოვნებელი რეაგირება, რომელიც დამოუკიდებელი იქნება მიმდინარე სასამართლო პროცესების საბოლოო შედეგისგან.
ამრიგად, ჩვენი კლუბი ითხოვს, რომ UEFA-მ, საკუთარი ავტონომიური და დამოუკიდებელი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი სადისციპლინო და აღდგენითი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეჯიბრებების მთლიანობა, გამჭვირვალობა და სათანადო ფუნქციონირება.
ამასთან, ეს არ ნიშნავს სახელმწიფო სასამართლო ორგანოების ფუნქციების ჩანაცვლებას და არც ფაქტების სისხლისსამართლებრივი შეფასების წინასწარ განსაზღვრას.
ამასთან დაკავშირებით, მადრიდის რეალი, რომელიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში კერძო ბრალმდებლის სტატუსით მონაწილეობს, გააგრძელებს შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას თითოეულ საპროცესო ეტაპზე, როგორც ამას საქმის დასაწყისიდანვე აკეთებდა.
მადრიდის რეალი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას სპორტის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი და გააგრძელებს ყველა საჭირო მოქმედებას, რათა მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩეს." - წერია კლუბის განცხადებაში.