კილიან მბაპე: „მადრიდში უფრო თავისუფალი ვარ, დაცვის გარეშე ქუჩაში გასვლასაც ვახერხებ“
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ შეცვლილ ცხოვრებასა და პირად თავისუფლებაზე ისაუბრა. მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ფრანგმა ვარსკვლავმა აღიარა, რომ ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი აღმოჩნდა, ვიდრე სამშობლოში.
პირადი თავისუფლება მოედანზე ჩავარდნის ფონზე
Le Parisien-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მბაპემ დეტალურად აღწერა ის კონტრასტი, რაც პარიზულ და მადრიდულ ყოველდღიურობას შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ რეალში გატარებული პირველი ორი წელი სპორტული თვალსაზრისით რთული გამოდგა, მბაპემ ოქროს ბუცი და ლა ლიგის ბომბარდირის ტიტული კი მოიგო, თუმცა გუნდთან ერთად მსხვილი ტროფეის გარეშე დარჩა, სანამ მისი ყოფილი კლუბი, პსჟ ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - ფრანგმა ფორვარდმა სიმშვიდე მოედნის მიღმა იპოვა.
მე მზად ვარ იმისთვის, რომ ვიყო ცნობილი, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. თუმცა, მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ბევრად უფრო თავისუფლად ვცხოვრობ, ვიდრე საფრანგეთში. შემიძლია ქუჩაში დაცვის გარეშე გავიდე, ჩემი გეგმები მქონდეს და აბსოლუტურად ჩვეულებრივი რაღაცები ვაკეთო, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ხალხს ჰგონია.
ყატარის ფინალის იარები და პენალტების სერია
პირად ცხოვრებაში არსებული ჰარმონიის მიუხედავად, მბაპე აღიარებს, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინასთან მარცხის გამო მიყენებული მენტალური ტრავმა დღემდე არ მოშუშებია:
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგება ძალიან მძიმეა, ეს ხომ ტურნირია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. იმ შემადგენლობიდან ბევრი ფეხბურთელი ამ მუნდიალზე საერთოდ აღარ არის. სწორედ ესაა ფეხბურთის სისასტიკე - გაიარო ასეთი გზა და პენალტებით წააგო. მე იღბლის არ მჯერა, პენალტები ლატარია არ არის, ეს ტექნიკური უნარია, თუმცა ფინალის ასე წაგება მაინც ყველაზე სასტიკი რამ არის
ახლა მბაპე მთლიანად 2026 წლის მუნდიალის სასტარტო მატჩზეა კონცენტრირებული. საფრანგეთის ნაკრები პირველ ტურში სენეგალს დაუპირისპირდება, კილიანი კი იმედოვნებს, რომ ამჯერად გუნდს მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანს და ოთხი წლის წინანდელ მწარე მოგონებებს საბოლოოდ წაშლის.