10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფეხბურთო კლუბი მიალბი შვედეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. სადებიუტო ჩემპიონობის გარდა, არაფერი იქნებოდა ამ წინადადებაში განსაკუთრებული, რომ არ დაგვემატებინა, რომ ესაა გუნდი სოფლიდან, რომლის მოსახლეობა 1 400 ადამიანზე ნაკლებია, ყველაზე გავრცელებული საქმიანობა თევზაობაა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ამ საქმის პარალელურად, სკოლის დირექტორად მუშაობს. ეს ყველაფერი არაა, ქვემოთ თემა კიდევ კარგად ჩავშალოთ.
86-წლიან ისტორიაში პირველი ჩემპიონობა და პირველი ევროტურნირები
შვედეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში, ტომ ჯეიკობ ბერგსტრიომისა და ტომ პეტერსონის გოლებით, მიალბელებმა გიოტებორგს სტუმრად მოუგეს და ისტორიული ჩემპიონობა 3 ტურით ადრე გაინაღდეს.
"ეს ისეთი რამაა, რაზეც ცხოვრებაში არც კი გვიფიქრია. ამ გუნდის უაღრესად მადლიერი ვარ - ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კოლექტივს შეუძლია წარმოუდგენლად შორს წაგიყვანოთ, ჩვენ გვყავს ბევრი მოთამაშე, რომლებიც მიალბისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს ფანტასტიკურია. 8 წელია აქ ვარ. ამ გუნდში ჩემი საუკეთესო მეგობრები თამაშობენ. ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან მაგარია", - ამბობს გუნდის თავდამსხმელი, ჯეიკობ ბერგსტრიომი, რომელსაც ალსვენსკანის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 3 ასისტი აქვს.
27 ტურში მიალბის 20 მოგება, 6 ფრე და 1 წაგება აქვს, გუნდი ბრწყინვალე დაცვას თამაშობს და მხოლოდ 17 გოლი აქვს გაშვებული. ჩემპიონატში ბოლოს 11 მაისს, მე-8 ტურში დამარცხდა და უკვე 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
მიალბი შვედეთის ჩემპიონატის 101-წლიან ისტორიაში 21-ე ჩემპიონია, თავად კი, არათუ ქვეყნის ჩემპიონობა, ნებისმიერი შესაძლო ტიტულიც პირველად მოიგო. კლუბი 1939 წელს დაარსდა და 86-წლიან ისტორიაში ევროტურნირებზეც პირველად ითამაშებს.
მეთევზეთა ქალაქი 1 400-ზე ნაკლები მცხოვრებით
მიალბის გარშემო გასაოცარი ისტორიაა - გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა სოფელ ჰალიოვიკიდან, რომლის მოსახლეობა 1 400 ადამიანზე ნაკლებია, თავს ძირითადად თევზჭერით ირჩენენ. ახლომდებარე ნოგერსუნდის ნავსადგური შვედეთში სიდიდით მესამე სათევზაო ნავსადგურია. ასე რომ, ნახევარკუნძულზე სათევზაო ინდუსტრია დომინირებს.
ლისტერლანდეტი ასევე შვედეთის ბეწვის მოშენების ცენტრია. ბეწვის მოშენება ამჟამად შვედეთში მწვავე პოლიტიკური დებატების საგანია.
ასეთი მცირე ოდენობის მოსახლეობის მიუხედავად, გუნდს სიოლვესბორგის მთელი ოლქი უჭერს მხარს და სატიტულო მატჩზე, გიოტებორგში, 1 500-მდე გულშემატკივარი ჩავიდა. "ნორმალურ პირობებში, ამ მოგზაურობას ერთი ავტობუსის ბილეთები დასჭირდებოდა, მაგრამ ერთ დღეში დაახლოებით ხუთი ავტობუსის ბილეთები გავყიდეთ", - ეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის კომენტარია.
შვედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მიალბი ცნობილია, როგორც "გუნდი, რომელიც ყოველთვის ბრუნდება". 2009 წლის სექტემბერში, უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა და ალსვენსკანში ზედიზედ 5 სეზონი გაატარა იქამდე, სანამ 2014 წლის სეზონის ბოლოს ისევ ქვედა ლიგაში არ გავარდებოდა.
მიალბის მხარე ცნობილია იმითაც, რომ იქ ცნობილი მათემატიკოსი ლარს ჰორმანდერი დაიბადა.
ჩემპიონობა სხვებზე 4-ჯერ, 5-ჯერ და 8-ჯერ ნაკლები ბიუჯეტით
მალმიოს უნივერსიტეტის ფეხბურთის სპეციალიზაციის მქონე აკადემიკოსის, ტორბიორნ ანდერსონის თქმით, თუ ლისტერლანდეტის ნახევარკუნძულზე მდებარე მეთევზეთა სოფლის პატარა კლუბი ამას გააკეთებდა, ეს ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი შოკი იქნებოდა.
"ფეხბურთში იმდენი ფულია, რომ ეს სრულიად შეუძლებელი უნდა იყოს", - ამბობს ანდერსონი თემაზე, რომ მიალბი ჩემპიონობას 27-გზის ჩემპიონ და ამ მხრივ რეკორდსმენ მალმიოსგან გადაიბარებს. "თუ შვედეთის საფეხბურთო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშებს გადახედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2024 წელს, მალმიოს 8-ჯერ უფრო დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, ხოლო სტოკჰოლმის კლუბებს - 4-ჯერ ან 5-ჯერ მეტი".
გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელიც სკოლის დირექტორად მუშაობს და სიმსივნე აქვს
მიალბის ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი 59 წლის, შვედურ ფეხბურთშიც კი აქამდე არც ისე ცნობილი მწვრთნელი, ანდერს ტორსტენსონია. კარიერის განმავლობაში, 2 წელზე ოდნავ მეტი ხნით, ქვედა ლიგების ორ გუნდში უმუშავია, მიალბიში კი მესამედ მობრუნდა და პოსტზე 2023 წლის იანვრიდანაა.
2024 წლის ზაფხულში, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და ავადმყოფობის შვებულებაში გაიყვანეს. თუმცა, სიმსივნის დიაგნოზიდან სულ რამდენიმე კვირაში, სამსახურში დაბრუნდა და გუნდის ხელმძღვანელობა გააგრძელა. ის სეზონი მისმა გუნდმა მე-5 ადგილზე დაასრულა. ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ კი, ასეთი ისტორიის დაწერა შეძლო. "თუ რამეა, შესაძლოა, ახლა კიდევ უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან აქ და ახლა ცხოვრების მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერე".
"დღეს თავს ისე განსხვავებულად აღარ ვგრძნობ, ვიდრე მის გარეშე ვიქნებოდი. რაღაც გაგებით, როგორც ას ინტერვიუში მითქვამს, დიაგნოზს საავადმყოფოში ვტოვებ. მე ამას შევეგუე და მივიღე, თავის მოტყუებას არ ვაპირებ", - ამბობს ის დიაგნოზის შესახებ.
2023 წელს, როცა მესამედ გუნდში მესამედ იყო დაბრუნებული, გუნდი შვედეთის თასის ფინალში გაიყვანა.
"როდესაც თასის ფინალში გავედით, ვიგრძენი, რომ "აქ რაღაც არის". ჩვენ ამისთვის წარმოუდგენლად ბევრი ვიშრომეთ.
ყველა გვეკითხება ჩვენს საიდუმლოებებზე, რომლებიც რეალურად არ არსებობს. არსებობს დაახლოებით 500 რამ, რაზეც ყოველდღიურად წარმოუდგენლად ზედმიწევნით ვზრუნავთ და ვმუშაობთ. ყველა ძალიან ბევრს აკეთებს და კომპრომისზე არასდროს არაფერზე მივდივართ".
აგვისტოში, როცა მიალბის საჩემპიონო შანსები უკვე რეალურად გამოიკვეთა, ტორსტენსონმა რჩევისთვის შვედეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ იანე ანდერსონს დაურეკა: "აგვისტოში მას დავურეკე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ არაფერს შევცვლიდით და მითხრა, რომ მართალი ვიყავი. ასე რომ, მადლობა იანე".
ტორსტენსონის ნათქვამი ფრაზა "არსებობს დაახლოებით 500 რამ, რაზეც ყოველდღიურად წარმოუდგენლად ზედმიწევნით ვზრუნავთ და ვმუშაობთ"-ი იმ ფონზე, როცა ის, მწვრთნელობის პარალელურად, სკოლის დირექტორია, ხოლო მისი სტაფის წევრები და გუნდში დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობა სხვადასხვა სფეროებში არიან დასაქმებული.
დავამატოთ რამე?!
ბოლოს, უბრალოდ გეტყვით, რომ ფეხბურთში ძალიან ბევრი შთამბეჭდავი რამაა, რაც მოგვისმენია, გაგვიგია, გვინახავს, აღვუფრთოვანებივართ, მაგრამ ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე, თუ ყველაზე არა, შთამბეჭდავი ამბავია, რაზეც დამიწერია, მილაპარაკია, გამიკომენტარებია, გამიხმოვანებია, მინახავს, მომისმენია, წამიკითხავს და გამიკეთებია ის, რითაც ინფორმაციას ვიღებთ თუ გავცემთ.
რა ვიცი, დავამატო კიდევ რამე?! არა, არაფერსაც არ დავამატებ, უბრალოდ უახლოეს დღეებში, კვირებში და თვეებში ვეცდები, ამ ამბის გარშემო მეტი რამ გავაკეთო, რითაც ინფორმაციას ვიღებთ თუ გავცემთ.
ირაკლი ფოფხაძე
ლინკის დაკოპირება
კომენტარები