მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის ნაკრებმა პირველი ოთხი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, რის შემდეგაც შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის, იონ დალ ტომასონის, თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.
ეროვნული ნაკრები დღეიდან გრემ პოტერის ხელმძღვანელობით იმუშავებს. ხელშეკრულება მიმდინარე საკვალიფიკაციო პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს, რომელიც მოიცავს მატჩებს შვეიცარიასა და სლოვენიასთან ნოემბერში და პოტენციურ პლეი-ოფს მარტში.
თუ შვედეთი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, შეთანხმება ავტომატურად გაგრძელდება.
„ძალიან თავმდაბლად ვუდგები ამ დავალებას, მაგრამ ამავე დროს უზომოდ შთაგონებული ვარ. შვედეთს ჰყავს ფანტასტიკური მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში გამოდიან.
ჩემი ამოცანაა შევქმნა პირობები, რათა ჩვენ, როგორც გუნდმა, უმაღლეს დონეზე ვიასპარეზოთ და შვედეთი მომავალ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე გავიყვანოთ.“ - განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.
გრემ პოტერი, 50 წლის ინგლისელი სპეციალისტი, დიდ გამოცდილებას ფლობს ბრიტანულ ფეხბურთში და კარგად იცნობს შვედურ ფეხბურთსაც - მას შემდეგ, რაც 2011-2018 წლებში წარმატებით ხელმძღვანელობდა იოსტერესუნდს.
შვედეთში გატარებული წარმატებული წლების შემდეგ, რომელთა განმავლობაშიც პოტერმა იოსტერესუნდი ევროპული ტურნირების ეტაპებამდე მიიყვანა, მან ინგლისში შემდეგ კლუბებში იმუშავა - სუონსი, ბრაიტონი, ჩელსი და ვესტ ჰემი.