შვედმა არმანდ დუპლანტისმა ჭოკით ხტომაში საკუთარი მსოფლიო რეკორდი მე-15-ჯერ გააუმჯობესა, როდესაც 6.31 მეტრზე გადახტა.
ოლიმპიური თამაშების ორგზის ოქროს მედალოსანმა ეს სიმაღლე უპსალაში, IFU არენაზე გამართულ „მონდო კლასიკზე“ დაძლია.
მას შემდეგ, რაც 5.65 მ, 5.90 მ და შემდეგ 6.08 მ პირველივე ცდებზე გადალახა, 26 წლის სპორტსმენმა ითხოვა, რომ ბარიერი ერთბაშად 23 სანტიმეტრით აეწიათ მსოფლიო რეკორდის სიმაღლემდე და მალევე ეს სიმაღლეც წარმატებით გადალახა.
ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა მონდო დუპლანტისმა მსოფლიო რეკორდი შვედეთში გააუმჯობესა. გასული წლის ივნისში სტოკჰოლმში ის 6.28 მეტრზე გადახტა, რაც 2025 წელს დაფიქსირებული ოთხი მსოფლიო რეკორდიდან ერთ-ერთი იყო.
„ძალიან ვამაყობ, რომ ეს შევძელი თქვენს წინაშე. მე ვხტები საკუთარი თავისთვის, ვხტები ჩემი ოჯახისათვის, მაგრამ ასევე ვხტები თქვენთვის, შვედეთისთვის და ყველასთვის, ვინც მხარს მიჭერს.“ - თქვა დუპლანტისმა.
შვედმა მსოფლიო რეკორდი ყველა 15 შემთხვევაში მხოლოდ მინიმალური, ერთი სანტიმეტრით, გააუმჯობესა.
დუპლანტისის წარმატებების სერიამდე მსოფლიო რეკორდი ფრანგ რენო ლავილენის ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წელს 6.16 მეტრი დააფიქსირა.