ალ-ნასრის ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუს დაჰპირდა, რომ კლუბში სტაბილურობას აღადგენენ.
პორტუგალიელმა ალ-რიადთან და ალ-იტიჰადთან მატჩები გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) ალ-ნასრს კონკურენტებთან შედარებით. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა კარიმ ბენზემას გადასვლას ალ-ჰილალში, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს კონკურენციას აზიანებდა. 9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რონალდუმ გაფიცვა შეწყვიტა — ალ-ნასრმა თანამშრომლების სახელფასო დავალიანება დაფარა.
Arriyadiyah-ის ცნობით, კრიშტიანუ დაარწმუნეს, რომ „წარსულის შეცდომები გამოსწორდება“. თანამშრომლების წინაშე არსებული ყველა ფინანსური საკითხი უახლოეს დღეებში საბოლოოდ მოგვარდება.
გარდა ამისა, ალ-ნასრი უფლებამოსილებას აღუდგენს დირექტორებს — ჟოზე სემედუსა და სიმაუ კოუტინიუს, რომლებიც პოსტებიდან დეკემბრის ბოლოს დაითხოვეს.
კლუბში ასევე მასშტაბური ადმინისტრაციული ცვლილებები იგეგმება. შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, აბდულა ალ-მაჯედმა. აღსანიშნავია, რომ ალ-მაჯედის რეპლიკებმა მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშის მუშაობის შესახებ, კლუბში მყოფი პორტუგალიელების უკმაყოფილება გამოიწვია.